თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთს საუკეთესო სპეციალისტების გაგზავნა შესთავაზა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დასახმარებლად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ დიდებული ტაძრის აღდგენა მოხერხდება და საფრანგეთს საუკეთესო სპეციალისტების გაგზავნა შესთავაზა, რომლებსაც მდიდარი გამოცდილება აქვთ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაში, მათ შორის, შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლებისა“, — ნათქვამია განცხადებაში.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარი ორშაბათს, საღამოს დაიწყო, რომლის შედეგადაც ჩამოინგრა ტაძრის შპილი, სახურავი და მზიდი კონსტრუქცია.
ცეცხლის ქრობაში, რაც სამშაბათ დილამდე გაგრძელდა, 400-მდე მეხანძრე მონაწილეობდა. ფრანგული მასმედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენა შესაძლოა უკავშირდებოდეს ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს.