იუნესკოს წარმომადგენელი: ქართველ ექსპერტებს ნოტრ-დამის აღდგენა შეუძლიათ

როგორც იუნესკოს წარმომადგენელმა მარინა თუმანიშვილმა აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ყველა ნახაზი და ფოტოდოკუმენტაცია, ნოტრ-დამის აღდგენა შესაძლებელია.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოში არიან სპეციალისტები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებული ან დანგრეული ძეგლების აღდგენით არიან დაკავებული, ასე რომ, აუცილებლობის შემთხვევაში მათ საფრანგეთის დახმარება შეუძლიათ, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" არქიტექტორმა, ურბანისტმა, იუნესკოს წარმომადგენელმა მარინა თუმანიშვილმა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ, საღამოს უძლიერესი ხანძარი გაჩნდა. ჩამოინგრა სამრეკლო და სახურავის ნაწილი, მოწყდა საათი. ადგილზე 400-მდე მეხანძრე და ტექნიკა მუშაობდა. ფრანგული მასმედიის ინფორმაციით, ხანძარი, შესაძლოა, სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს, ტაძრის ნაწილი ხის მასალით იყო დაფარული.

„საქართველოს ჰყავს სპეციალისტები. ჩვენ თვითონ გვაქვს რამდენიმე ძეგლი, რომლებიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია ჩართული. ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენაზე, რომელიც ასევე იუნესკოს ნუსხაშია, ასე რომ, პოტენციალი საქართველოს აქვს. რამდენად საჭირო გახდება ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაცია, ეს უკვე საფრანგეთის მთავრობაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ მზადყოფნა, რა თქმა უნდა, არის", – განაცხადა თუმანიშვილმა.

თუმანიშვილი იუნესკოს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურში მუშაობს.

იუნესკოს წარმომადგენელი: ქართველ ექსპერტებს ნოტრ-დამის აღდგენა შეუძლიათ

მან დამაიმედებელი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტაძრის მთავარი კონსტრუქცია, ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი, წმინდა ლუკას სუდარა და სხვა რელიკვიები შენარჩუნებულია. საფრანგეთს გააჩნია ამის რესურსები, და მსოფლიოც მზადაა დასახმარებლად, აღნიშნა მან.

Louis Vuitton, Gucci, Kenzo – მსოფლიო ბრენდები ნოტრ-დამის აღსადგენად მილიონებს გაიღებენ

„ვიმედოვნებთ, რომ დაზიანებული ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობის, პროფესიონალების რეკომენდაციებით აღდგება და საწყის იერსახეს დაიბრუნებს. როდესაც ობიექტი იუნესკოს ნუსხაში შედის, აუცილებელია დოკუმენტაცია, რომელიც დეტალურად აღწერს ამა თუ იმ ძეგლს, ამიტომ ამ ნახაზებზე, ფოტოდოკუმენტაციაზე დაყრდნობით აღდგენა შესაძლებელია თეორიულადაც და პრაქტიკულადაც", – განაცხადა თუმანიშვილმა.

უკვე დაწყებულია სახსრების შეგროვება ნოტრ-დამის აღსადგენად. შესაბამისი განყოფილება გამოჩნდა საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ფონდის ვებ-გვერდზე.

მომხმარებელს სთავაზობენ 50-დან 500 ევრომდე თანხის შეტანას, ან სხვა, ნებისმიერი თანხის მითითებას. ალტერნატივაა – ყოველთვიურად ნაკლები თანხის ჩამოჭრა – 10-დან 100 ევრომდე, ან სხვა თანხის მითითება, შერჩევით.