თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანახმაა, რომ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს, იუწყება პირველი არხი.
მისი თქმით, ამჟამად საარსებო მინიმუმი დამტკიცებული მეთოდოლოგიით ითვლება.
„სულ იყო მსჯელობა, რომ მეთოდოლოგია გადახედილიყო, რამე სხვა დამტკიცებული მეთოდოლოგია მიგვეღო, რასაც მეც ვეთანხმები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. ამასთან მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი მამაკაცის ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად პროდუქტების საჭირო ნაკრებს განსაზღვრავს.
„საქსტატმა“ მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარის დონეზე განსაზღვრა. არსებული გათვლებით, ოთხკაციანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 321 ლარს შეადგენს, ხოლო ექვსკაციანის და მეტის - 427 ლარს.