მედია: საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელია ცვლილებები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თავისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ გამორიცხა, თუმცა განაცხადა, რომ ამის შესახებ საუბარი ნაადრევია.

პარლამენტის შემდეგ საკრებულო: ვინ და რატომ ირჩევს ეკა ბესელიას გზას >>

მინისტრების შესაძლო ჩანაცვლებაზე მედიაში ალაპარაკდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ. მინისტრთა კაბინეტის მუშაობის შეფასებისას მან განაცხადა, რომ „შეიძლება იყოს რამდენიმე სამინისტრო და მინისტრი, რომელთანაც იყოს პატარა კითხვები“, თუმცა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ძალიან ცდილობს“.

„რაიმე კონკრეტული არაფერი, ცვლილებები სულ იყო და მომავალშიც იქნება. ახლა, რომ რაიმე კონკრეტული კონსულტაციები იყოს, ამის შესახებ არ მსმენია. ვვარაუდობ, რომ ალბათ იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.

თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელსაც ყველაზე ხშირად ასახელებენ მათ შორის, ვინც შეიძლება პოსტი დატოვოს, განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

ღარიბაშვილმა პოლიტიკაში და „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების მიზეზები დაასახელა

„რა ცვლილებები იგეგმება, მე არ ვიცი. ჩემთან კონსულტაციებს არ გადიან ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ხომ არ ვწყვეტ ვინ იქნება მთავრობაში და ვინ არ იქნება“, - განაცხადა ქობულიამ.

ამასთან, მმართველ პარტიაში უკვე განახლების პროცესი დაიწყო, რომელიც ივანიშვილმა 2018 წლის ბოლოს დააანონსა.

პარტიის ხელმძღვანელობა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარტია „ძველმა გვარდიამ" დატოვა და მან საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. „ქართული ოცნება" დატოვეს დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა, კობა ნარჩემაშვილმა და მირიან წიკლაურმა.