პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომლებმა კომპენსაცია მიიღეს

ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემუშავდა
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეორგანიზაციის ფარგლებში 63-მა თანამშრომელმა დატოვა, მათზე გაცემულმა კომპენსაციამ საერთო ჯამში 436 500 ლარი შეადგინა, განაცხადა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობა 102-დან 60-მდე შემცირდა.

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე შესაძლოა, მუზეუმად აქციონ >>

რეორგანიზაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, თანამშრომლებისთვის შემუშავდა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მეორე ეტაპზე, 15 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით, მოქმედ თანამშრომლებთან ჩატარდა გასაუბრება, რომლის შედეგად განისაზღვრა, ვინ გააგრძელებდა მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. რეორგანიზაციის მესამე  ეტაპი ახალი თანამშრომლების შესარჩევი კონკურსი გახდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 61 თანამშრომელი დატოვებს

„17 მარტს დასრულებული რეორგანიზაციის შედეგად, 63 პროფესიული საჯარო მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. არც ერთი მათგანი სამუშაოდ სხვა საჯარო სამსახურში არ გადასულა“, – განაცხადა ბრიფინგზე ხატია მოისწრაფიშვილმა.

თუმცა, ადრე მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემცირებული თანამშრომლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში დასაქმდებოდნენ. რაც შეეხება კომპენსაციას, მოისწრაფიშვილის განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლებული პროფესიული საჯარო მოხელე მიიღებს ფულად კომპენსაციას ყოველთვიური შრომის ანაზღაურების სამმაგი ოდენობით.

სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ავლაბრის სასახლეში მუშაობაზე და ათონელის ქუჩაზე მოკრძალებულ რეზიდენციაში მუშაობა ამჯობინა.

პრეზიდენტის რეზიდენციის რემონტი დაგეგმილზე ძვირი დაჯდება >>

ზურაბიშვილი თავისი მოვალეობების შესრულებას 2018 წლის 16 დეკემბერს შეუდგა.