კიკაბიძე ახალ ფილმში გადაიღეს – თბილისში პრემიერა გაიმართება

დოკუმენტურ–მხატვრული ფილმი ქართველებისა და სომხების მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. დოკუმენტურ–მხატვრული ფილმის „იარ-არი-გიუმრის“ პრემიერა გაიმართება პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 16 აპრილს, ფილმში მთავარი როლი ცნობილმა ქართველმა მსახიობმა და მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ ითამაშა.

ფილმის ავტორია ვიქტორია მაქსოევა – რეჟისორი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აგორა–ჯორჯიას“ (საქართველო) ხელმძღვანელი, რომლის საქმიანობა რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გამტკიცებისკენ არის მიმართული.

„ფილმის მთავარი გმირია ქალაქი გიუმრი. ჩვენ ვსაუბრობთ მის კულტურაზე, ისტორიაზე და იმაზე, თუ რა აკავშირებს ამ მშვენიერ ქალაქს საქართველოსთან. პირველ რიგში, ეს, რა თქმა უნდა, ხალხია. სიმბოლურია, რომ 30 წლის წინ გიუმრიში მიწისძვრა მოხდა და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც მოძმე სომეხი ხალხის დასახმარებლად მოვიდა. თუმცა, ფილმში ჩვენ არ ვსაუბრობთ ისტორიის ტრაგიკულ მომენტებზე, რადგან გიუმრი სომხეთის იუმორის დედაქალაქია. ჩვენ, პირველ რიგში, ქალაქს იუმორისტული თვალსაზრისით წარმოვადგენთ. მით უმეტეს, რომ ჩვენი ფილმი ნახევრადდოკუმენტურია, და მასში არის მხატვრული ხაზი, რომელიც სავსეა იუმორითა და ფანტასტიკით“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ მაქსოევამ.

ფილმის ავტორის თქმით, სურათში ერთ–ერთი სიუჟეტური ხაზია ვახტანგ კიკაბიძისა და მისი მეგობრის, გიუმრის მკვიდრის ფრუნზიკ მკრტჩიანის მეგობრობის ისტორია. ფილმში ქართველი მსახიობი ფრუნზიკის სამშობლოდან ძვირფასი მეგობრის სამახსოვროდ რამის ჩამოტანას ითხოვს. ფინალში გიუმრის ფრუნზიკ მკრტჩიანის მუზეუმიდან ორიგინალური გზავნილი ჩამოდის.

კიკაბიძესთან ერთად ფილმში გადაღებული არიან ემილ გალსტიანი (სომხეთი), ასევე ირინა და ქსენია ჩერნიაევები (რუსეთი).

„მთელი ღამე ვტიროდი...“ - კიკაბიძე დანელიას გარდაცვალების შესახებ

მაქსოევას თქმით, გადამღები ჯგუფი ქართულ–სომხურია. ამ ჯგუფმა უკვე გადაიღო ექვსი ფილმი, რომლებსაც სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული.

„პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ექსპონატი მკრტჩიანის მუზეუმიდან, რომლებსაც მუზეუმის წარმომადგენელი აჩვენებს. ასევე ნაჩვენები იქნება ფრუნზიკის გრაფიკული ნამუშევრების სლაიდ–შოუ. საღამოზე გამოვა ასევე თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლი“, – აღნიშნა მაქსოევამ.

ფილმის პრემიერა უკვე გაიმართა (2019 წლის იანვარში) სომხეთსა და რუსეთში. ის თავდაპირველად აჩვენეს სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში, ხოლო შემდეგ – სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის ტელევიზიით.

ფილმის ჩვენება 18:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოსა და სომხეთის სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი დიპლომატები. დასწრება თავისუფალია.