„არასდროს გვინახავს“ – გუდიაშვილის ოჯახის წევრები eBay-ზე განთავსებულ ნახატზე საუბრობენ

იმის დასადგენად, რომ ლადო გუდიაშვილის ნახატი ორიგინალია, ექსპერტების დასკვნაა საჭირო.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ოჯახმა კომენტარი გააკეთა ინტერნეტ-აუქციონ eBay-ზე ფერმწერის ნახატის გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. მათი თქმით, ეს ტილო მათ არასდროს უნახავთ, იუწყება პირველი არხი.

საუბარია ტილოზე სახელწოდებით „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი", რომელიც 1945 წლითაა დათარიღებული. გამყიდველი ნიკნეიმით nexusparts-ი ნამუშევარს 120 ათასი აშშ დოლარს აფასებს.

„იმის დასადგენად, ორიგინალია თუ არა ნახატი, კომისიისა და სპეციალისტების დასკვნაა საჭირო, რაშიც ლადო გუდიაშვილის ოჯახის წევრები არ ერევიან“, – ნათქვამია პირველი არხის სტატიაში.

რას ფიქრობენ ხელოვნებათმცოდნეები

აღსანიშნავია, რომ ისეთი ნახატის არსებობის შესახებ, რომლის სახელწოდებაა „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი", არაფერია ცნობილი ქართველი ხელოვნებათმცოდნეებისთვის. ამასთან, სპეციალისტების ვარაუდით, ტილოს სტილი გუდიაშვილის სტილს წააგავს.

„ერთი შეხედვით, არის ფრაგმენტები და ფიგურები, რაც ჰგავს ლადო გუდიაშვილის ნამუშევარს, თუმცა არის ფრაგმენტებიც, რაც ეჭვს იწვევს. ასე ძნელია თქმა. ჰგავს მის ხელწერას, მაგრამ სანამ არ ნახავ ორიგინალს, ფოტოსურათით რთული სათქმელია, ეკუთვნის თუ არა ეს ნამუშევარი ლადო გუდიაშვილს“, – აცხადებს ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე.

საჩუქარი კანცლერს: დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ნახატი გერმანიაში ბრუნდება

სპეციალისტის თქმით, მხოლოდ სტილისტურად დათვალიერება ასეთ დროს საკმარისი არ არის და უნდა ჩატარდეს დეტალების შესწავლა, ტექნოლოგიური ანალიზი და ორიგინალის კვლევა. ამასთან, ხუნდაძე აცხადებს, რომ ისეთი დიდი ფერმწერის ნამუშევრისთვის, როგორიც ლადო გუდიაშვილია, აუქციონზე განთავსებული ნამუშევრის ფასი დაბალია.

ვინ არის გამყიდველი?

eBay-ზე გაყიდვის პირობებში მითითებულია, რომ ნახატი ორიგინალია და არ არის დაზიანებული. გამყიდველი მყიდველს ნამუშევრის მიტანას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ სთავაზობს.

უნდა აღინიშნოს, რომ გუდიაშვილის ნახატის გარდა, მომხმარებელი nexusparts ასევე ყიდის გამოყენებულ სმარტფონს, დრონს, ავტომობილებისა და მტვერსასრუტების სათადარიგო ნაწილებს.

ლადო გუდიაშვილი - დიდი ქართველი მხატვარი, დაიბადა 1896 წელს თბილისში. 14 წლისამ სამხატვრო სასწავლებელში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ სკოლაში ხატვის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში 1915 წელს გაიმართა.

გუდიაშვილი 1919 წელს დავით კაკაბაძესა და შალვა ქიქოძესთან ერთად პარიზში გაემგზავრა, სადაც ექვსი წელი ცხოვრობდა და მონაწილეობდა გამოფენებში. 1925 წელს საფრანგეთში გამოვიდა კრიტიკოს მორის რენალის წიგნი, რომელიც მთლიანად ლადო გუდიაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა.

შეიქმნა ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნახატების ვირტუალური გიდი

გუდიაშვილი მეგობრობდა პაბლო პიკასოსთან, მორის უტრილოსთან, ამადეო მოდილიანისთან, იგნასიო სულოაგასთან, მიხაილ ლარიონოვთან და ნატალია გონჩაროვასთან. გუდიაშვილის გამოფენები იმართებოდა არა მხოლოდ პარიზში, არამედ მარსელში, ლიონსა და ბორდოში, მოგვიანებით – ლონდონში, რომში, ბრიუსელში, ამსტერდამში, ბერლინსა და ნიუ-იორკში.

გუდიაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებები ჰქონდა უცხოეთში, საქართველოდან შორს ყოფნა ვერ შეძლო და 1925 წელს თბილისში დაბრუნდა. 1945 წელს მან მოხატა ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარი. ბევრს მუშაობდა წიგნის ილუსტრაციების ჟანრში.

ლადო გუდიაშვილის შემოქმედება და სტილი, მიუხედავად ტექნიკისა და ჟანრის მრავალფეროვნებისა, ადვილად საცნობია. ის წერდა ზეთით, გუაშით, აკვარელით, აქვს კედლების მოხატულობა, გრაფიკული ნამუშევრები, მუშაობდა შერეული ტექნიკით. მის მემკვიდრეობაშია პორტრეტები, პეიზაჟები, ისტორიული, ალეგორიული, მითოლოგიური და სხვა თემატიკა.

ლადო გუდიაშვილი 1980 წლის ივლისში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.