პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემა გამოავლინა: დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ დაკავებულების ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ემბაუმი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და ე.წ. „ბიო“ ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების 2 წევრი - 1975 წელს დაბადებული ა.ზ. და 1998 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ა.ზ. ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში სარეალიზაციოდ ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ, აფასოებდნენ და შემდგომ სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე, სამალავებში ათავსებდნენ.

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

დაჯგუფების წევრები, ნარკოტიკული საშუალებების შეძენის მსურველ პირებს  სამალავების მისამართებს ატყობინებდნენ, თანხას კი დისტანციური არხებით იღებდნენ.

სამართალდამცველებმა ა.ზ.-ს საცხოვრებელი ბინის და ამავე ბინაში მყოფი ექვსი პირის პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ემბაუმი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და ე.წ. „ბიო“ ამოიღო. ასევე, პოლიციამ თბილისში ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული არიან დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.