მანველიძე: „ტოშიბას“ ფონდმა მწვანე კონცხის იაპონური ბაღისთვის 1 მლნ იენი გამოყო

„ტოშიბას“ ფონდმა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არსებული იაპონური ბაღის რეაბილიტაცია დააფინანსა და ამისთვის 1 მლნ იენი გამოყო. ამის შესახებ ბოტანიკური ბაღის საერთაშორისო პროგრამებისა და ურთიერთობების კოორდინატორი ზურაბ მანველიძე საუბრობს.
Sputnik
მანველიძე: „ტოშიბას“ ფონდმა მწვანე კონცხის იაპონური ბაღისთვის 1 მლნ იენი გამოყო

„პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, საგრანტო მხარდაჭერისთვის მივმართეთ იაპონიის საელჩოს კულტურული მხარდაჭერის პროგრამებს და ამავდროულად დავიწყეთ კარგი სპეციალისტის ძებნა, რომელიც დაგვეხმარებოდა ამ პროგრამის შემუშავებაში და რეაბილიტაციაში. მოვიძიეთ ასეთი ადამიანი. ეს გახლავთ ტაკუჰირო იამადა. მე მას გავუგზავნე ძველი ფოტოები, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ბაღი 20-30-იან და მომდევნო წლებში, და მივმართე თხოვნით, რომ დაინტერესებულიყო და დაგვხმარებოდა ამ ბაღის პროექტის მომზადებაში“, — ამბობს ზურაბ მანველიძე.

მანველიძის განცხადებით, განახლებული ბაღი ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვნად გაზრდის დასვენებისა და ესთეტიკური სიამოვნების მიღების შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, შემოსავლების ზრდის და ეკონომიკური წარმატების მყარ წინაპირობებს ქმნის როგორც ბაღისთვის, ისე ქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.