თბილისი და გროზნო, შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს

ჩეჩნეთის დედაქალაქის აეროპორტის გენერალური დირექტორი თბილისში ჩამოსვლასა და ქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხების განხილვას აპირებს.
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები გროზნოსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების ნებართვის მისაღებად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას 15 აპრილს მიმართავენ, აცნობა „Sputnik-საქართველოს"  კომპანია „ვაინახავიას" გენერალურმა დირექტორმა სულტან გამბულატოვმა, რომელიც გროზნოს აეროპორტს ოპერირებს.

საქართველოს და აშშ-ს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს>>>

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ ხორციელდება. ჩეჩნეთის მცხოვრებლები საქართველოში ძირითადად ავტოტრანსპორტით, ჩრდილოეთ ოსეთისა და შემდეგ საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის" გავლით ჩამოდიან.

„საქართველოს ავიაციას ორშაბათს აუცილებლად მივმართავ. მოლაპარაკებები უკვე მქონდა საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან – ვიყავი დეპარტამენტშიც, ვესაუბრე ხელმძღვანელობას. უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, მაისში ამ მიმოსვლის გახსნა გვინდა", – განაცხადა გამბულატოვმა.

მისი თქმით, ჩეჩნეთში მრავალი ადამიანია, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვს. ამიტომ პირდაპირი ავიამიმოსვლის იდეა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ გაჩნდა.

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

„ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს საქართველოსთან: ქისტები – ეთნიკურად ჩეჩნები, საქართველოს მკვიდრნი, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ; ტურისტებს შორისაც ბევრი მსურველია. ჩვენებიც მუდმივად ითხოვენ საჰაერო მიმოსვლის დაწყებას, რადგან ხანდახან უღელტეხილი დაკეტილია, რთულია საქართველოში ჩასვლა. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი ძველი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა", – აღნიშნა გამბულატოვმა.

ზამთარში ავტომაგისტრალზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით სირთულეები იქმნება. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო გზას პერიოდულად კეტავენ.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი ავიაკომპანიების ამოქმედება იგეგმება თბილისსა და გროზნოს შორის პირდაპირი ავიარეისების შესასრულებლად. გამბულატოვის, ჩეჩნეთის ერთადერთი აეროპორტის გენერალური დირექტორის თქმით, განიხილება ორი თურქული და ერთი რუსული კომპანიები. გამბულატოვის გეგმებშია ასევე აპრილის ბოლოს თბილისში ჩამოსვლა და ქართულ ავიაკომპანიებთან შეხვედრა, რათა მათ გროზნოში ფრენები შესთავაზოს.