ცხენისა და ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ – მხილებულია ორი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რას ვჭამთ: თბილისის სავაჭრო ობიექტებიდან ერთ ტონამდე უვარგისი ხორცი ამოიღეს

სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდათ – დაკავებულია ერთი პირი>>>

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები სხვადასხვა რეგიონში დაბალ ფასად ყიდულობდნენ ცხენისა და ვირის ხორცს, თბილისში კუსტარულად მოწყობილ ე.წ. ბოინში რეგისტრაციისა და სანიტარიული ნორმების დაცვის გარეშე ამუშავებდნენ, შემდეგ კი ბაზრობებზე ყიდდნენ და ასევე კვების ობიექტებში აბარებდნენ როგორც საქონლის ხორცს.

უწყების ცნობით, ბაზრობაზე და რამდენიმე ობიექტში ამოღებულია დიდი რაოდენობით ხორცი, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცხენისა და ვირის დნმ-ს შეიცავს. ე.წ. ბოინში აღმოჩენილია ცხენისა და ვირის სხეულის ნაწილებიც.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.