სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

დაკავებულებს 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შავი ზღვის სანაპიროზე ათობით კილოგრამი კოკაინი გამოირიყა

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ დიღმის ტერიტორიაზე გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა. მისი მძღოლისა და მგზავრის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 49 მცირე შეკვრად დაფასოებული და ერთი მოზრდილი შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. ბიო, ასევე ერთი აბი „ექსტაზი" და ორი შეკვრა თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ამას გარდა, სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კიდევ ცხრა აბი და ერთი ნატეხი „ექსტაზი" და ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტებით, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.