თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართული სიმღერა „ჩაკრულო" აჟღერდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლამდე.
ცნობილი პოლიფონიური კომპოზიცია სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ეროვნულმა ანსამბლმა „რუსთავმა" შეასრულა. სხდომათა დარბაზში ტრადიციულ ქართულ ჩოხაში გამოწყობილი 10 შემსრულებელი გამოვიდა.
ქართული გუნდის შესრულება ძალზე თბილად მიიღეს – მომღერლებს ფოტოები, ვიდეო გადაუღეს და მხურვალე აპლოდისმენტებითაც დააჯილდოვეს.
სიმღერა „ჩაკრულო" ცნობილია იმით, რომ 1977 წელს ის, მსოფლიოს 27 მუსიკალურ კომპოზიციასთან ერთად, კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ კოსმოსში გაუშვა. მაშინ სიმღერას ანსამბლი „ერისიონი" ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ იუნესკომ ქართული მრავალხმიანობა მსოფლიო პოლიფონიის შედევრად აღიარა.
ამ დღეებში სტრასბურგში ევროპის საბჭოს საგაზაფხულო სესია ტარდება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით. ხოლო საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციის წევრები მონაწილეობენ ევროპის საბჭოში ორგანიზებულ ღონისძიებებში, რომლებიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება.
ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 12 აპრილამდე გაგრძელდება.