„ქართული ენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში მასშტაბურად აღინიშნება

ღონისძიების სტუმრები მოუსმენენ საგუნდო კონცერტს, დაესწრებიან ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულისა და ასევე გამოფენის გახსნას სახელწოდებით „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისში 14 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამოფენები, კონცერტები და სხვა ღონისძიებები გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.  

დღესასწაულის ძირითადი ნაწილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდება 13:00-დან 18:00 საათამდე.

უნივერსიტეტის ბაღში მთელი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი შემეცნებითი ინსტალაციების ნახვა. იქვე გაიმართება გასართობი ღონისძიებები და მოეწყობა საბავშვო კუთხე.

სანქტ-პეტერბურგში ქართული ენის დღეს აღნიშნავენ

ღონისძიების სტუმრები მოუსმენენ საგუნდო კონცერტს, დაესწრებიან ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულისა და ასევე გამოფენის გახსნას სახელწოდებით „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“.

გარდა ამისა, გაიმართება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეთა, სტუდენტთა და მასწავლებელთა დაჯილდოება.

გვიან საღამოს ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც 20:00 საათზე 3D ინსტალაცია „ქართული ხელნაწერები“ იქნება ნაჩვენები თბილისის საკრებულოს შენობის ფასადზე. 

პროექტის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, საკრებულო, სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.