თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სკანდალურად ცნობილი ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი ჟურნალისტ თათია სამხარაძის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
სასამართლომ 2018 წლის იანვარში რამიშვილი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამხილების საფუძველზე, დამნაშავედ ცნო და მას მორალური ზარალისთვის 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
„რამიშვილს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ჩემ სასარგებლოდ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ იმსჯელა სექსუალური შევიწროების საქმეზე და მით უმეტეს უფრო სასიხარულოა, რომ სასამართლომ მსხვერპლის ინტერესების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება“, – განაცხადა სამხარაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ (Imedi) ყოფილი თანამშრომელი 2016 წლიდან ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ რამიშვილი, რომელიც მაშინ იყო ტელეწამყვანი და მისი უფროსი ტელეარხზე, მას, კარიერული წინსვლის სანაცვლოდ, სექსუალურ კავშირს სთავაზობდა.
სამხარაძის განცხადებით, სექსუალურმა შევიწროებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, რის შემდეგ ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამსახური და სასამართლოსთვის მიემართა.
საქმეში მთავარი სამხილი რამიშვილის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ასევე საუბრის აუდიოჩანაწერი გახდა, რომლის ავთენტურობა რამიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა, ჩანაწერის ნამდვილობა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა. თავად რამიშვილი სამხარაძის სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფს.