„კანონიერმა ქურდმა" ტარიელ ონიანმა კოლონია დატოვა

ქართველი ადვოკატის განცხადებით, კრიმინალური ავტორიტეტი თურქეთში გაემგზავრება.
Sputnik

თბილისი,  9 აპრილი — Sputnik. კრიმინალურმა ავტორიტეტმა ტარიელ მულუხოვმა (ონიანი) ორენბურგის ოლქის კოლონია დატოვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ტარიელ ონიანი 9 აპრილს თავისუფლდება: რომელ ქვეყანაში ჩავა „კანონიერი ქურდი">>>

ონიანს, რომელსაც მასმედია პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიებს, 2010 წელს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 10 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით სასჯელის ზომა ორი თვით შეუმცირდა. კოლონიის წარმომადგენლები ტარიელ ონიანს, იგივე „ტაროს“ ახასიათებდნენ როგორც რეჟიმის დამრღვევს – მან წესრიგი 253–ჯერ დაარღვია.

„დღეს დასრულდა მისი სასჯელის მოხდის ვადა, ტარიელ მულუხოვი კოლონიიდან სასამართლოს გადაწყვეტილებთ გათავისუფლდა. მისი შემდგომი ბედი სამართალდამცველების კომპეტენციაშია“, – განაცხადა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა. 

ორი სასჯელი ერთი დანაშაულისთვის: „ლავასოღლის“ საქართველოში კიდევ ერთი განაჩენი ელის

ორენბურგის ოლქის სოლ-ილეცკის სასამართლოს დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მულუხოვი მოქალაქეობის არმქონე პირია და, იუსტიციის სამინისტროს განკარგულებით, გათავისუფლების შემდეგ მისი რუსეთში დარჩენა მიჩნეულია არასასურველად.

ორშაბათს ონიანის ქართველმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გათავისუფლების შემდეგ ონიანი თურქეთში აპირებს ცხოვრებას.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 1980-იან წლებში ონიანი მოსკოვში ყველაზე ავტორიტეტულ „კანონიერ ქურდად" ითვლებოდა. დიდი ხნის განმავლობაში იგი ცხოვრობდა ევროპაში, მათ შორის ესპანეთში, შემდეგ კი კვლავ რუსეთში დაბრუნდა. მასმედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ონიანი კრიმინალურ ავტორიტეტებზე ვიაჩესლავ ივანკოვსა („იაპონჩიკი") და ასლან უსოიანზე, იგივე „დედ ჰასანზე" თავდასხმებთან შეიძლება იყოს კავშირში.