ტელეპროექტზე „საბავშვო ევროვიზია - 2019“-სთვის საქართველოს წარმომადგენელს ირჩევენ.
„ანგელოზის ხმა" – ნიჭიერთა შოუში პატარა ბიჭუნამ ყველა აატირა >>
მეორე ტურში ახალგაზრდა კონკურსანტებს ანსამბლი „შავნაბადა“ ეხმარებოდა. სწორედ ამ კოლექტივის წყალობით შოუმ მშვენიერი ქართული მრავალხმიანობა შეიძინა.
„Sputnik-საქართველო“ მკითხველს მეორე ტურის საუკეთესო ნომრების ხუთეულს სთავაზობს.
ანასტასია გარსევანიშვილი
უდავოდ, ტურის ლიდერი რვა წლის ანასტასია გარსევანიშვილი გახდა, რომელმაც პროექტის ჟიურის ყველა წევრი აატირა. ანასტასიამ აფხაზური იავნანა „შიშნანი“ შეასრულა. კომპოზიციაში დედა, რომელიც ღია ზღვაში ნავით მიცურავს, თავის გაყინულ შვილს იავნანას უმღერის, იმ იმედით, რომ გაათბობს თავის პატარას და მას სიცოცხლეს აჩუქებს.
გიორგი გორდაძე
არანაკლებ დამაჯერებელი იყო 13 წლის გიორგი გორდაძე. მან მეგრული იავნანა „ჩელა“ იმღერა. გიორგი სათუთად უფრთხილდებოდა თითოეულ ბგერას და სიმღერა ბოლომდე შეიგრძნო.
ბარბარე იმნაძე
მესამე ადგილი და ჩამოყალიბებული არტისტი ბარბარე იმნაძე - მან ბრწყინვალედ შეასრულა „აჭარული შაირები“. გოგონაში ყველაფერი მშვენიერია - ვოკალი, სამსახიობო ოსტატობა და შინაგანი ნაპერწკალი.
ელენე ივანიძე
ცხრა წლის ელენე ივანიძემ თავისი ძლიერი ხმითა და სიმღერით „კესარია“ შოუს ხალისი და ცეცხლი შეჰმატა.
ნიკა პეტრიაშვილი
ტოპ-ხუთეულს ასრულებს 13 წლის ნიკა პეტრიაშვილი, რომელმაც შესანიშნავად შეასრულა „იმერული (ოკრიბული) მგზავრული“. ბიჭი ასხივებს პოზიტივს და დიდ პოტენციალს: მღერის მთელი გულით, ძლიერად, მხნედ და ლამაზად.
საბავშვო შოუ-კონკურსი „რანინას" მეორე სეზონის დაწყების შესახებ პირველმა არხმა 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა. სიმღერის კონკურსის ფარგლებში ბავშვები სამი თვის განმავლობაში დიდ სცენაზე ცოცხლად მღერიან. კონკურსის გამარჯვებული საქართველოს პოლონეთში საბავშვო ევროვიზიაზე" წარადგენს.