ქართული ღვინო და იშვიათი ტექნოლოგიები - თანამედროვე მეღვინეების ექსპერიმენტები

საქართველო ღვინის სამშობლოა და ეს უკვე მსოფლიო საზოგადოებრიობის მიერ აღიარებული ფაქტია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მეღვინეობა ქართველებისთვის - ერთგვარი კულტია.
Sputnik

საქართველოს ღვინის კომპანიები ორიგინალური გემოებისა და არომატების მისაღებად ექსპერიმენტებს ატარებენ და ახალ ტექნოლოგიებს იგონებენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „შუმი“, რომლის წარმომადგენელმაც „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას უჩვეულო ღვინოების წარმოების საიდუმლო გაამჟღავნა.

„წარმატებული მეღვინე რომ გამოხვიდე, პირველ რიგში, ეს სფერო უნდა გიყვარდეს. თუ ეს საქმე არ გიყვარს, წარმატებას ვერ მიაღწევ. როგორ უნდა მიუდგე მეღვინეობას? წარმოიდგინეთ, რომ ზრდით ბავშვს და ამისთვის არ იშურებთ ძალ-ღონეს, შრომას, დროს. იგივე ეხება ღვინის წარმოებასაც“, - ამბობს საბა ქიტესაშვილი.

ქართული ღვინო და იშვიათი ტექნოლოგიები - თანამედროვე მეღვინეების ექსპერიმენტები

მართლაც, საქმის სიყვარული ახალგაზრდა კაცის თითოეულ სიტყვაში იგრძნობა. იგი დარწმუნებულია, რომ ისინი, ვინც მეღვინეობაში წარმატებას ვერ მიაღწია, ან არასაკმარისად იყო შეყვარებული თავის საქმეზე ან არასაკმარისად შრომისმოყვარე იყო.

„არიან მეღვინეები, რომელთათვისაც ეს უბრალოდ სამუშაოა და მეტი არაფერი. პირველ რიგში, უნდა იყოს სიყვარული, შემდეგ კი ეს სიყვარული გაძლევს სფეროს შესწავლისა და განვითარების სტიმულს“, - ამბობს საბა.

შრომისმოყვარეობის ნაყოფი

„შუმის“ ნაწარმი, სწორედ საქმეზე შეყვარებული ახალგაზრდების შრომისმოყვარეობის წყალობით, არაერთხელ გამხდარა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.

ასე მაგალითად, 2012 წლის მოსავლის ღვინო „ილერკომ“ 2016 წელს ლონდონში ღვინის საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალი მოიპოვა. ის გახდა ერთადერთი ქართული ღვინო, რომელმაც იმ წელს ოქროს მედალი დაიმსახურა. „ილერკო“ მეღვინეების განსაკუთრებული სიამაყის საგანია.

ქართული ღვინო და იშვიათი ტექნოლოგიები - თანამედროვე მეღვინეების ექსპერიმენტები

თუმცა „ილერკო“ კომპანია „შუმის“ ერთადერთი წარმატებული ნაწარმი არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ბიოღვინის დამზადება დაიწყო.

„ვენახიც, ნიადაგიც და ვაზიც მაქსიმალურად კარგად უნდა იყოს გასუფთავებული, რომ უსუფთავესი პროდუქტი მივიღოთ. ყველაფერი მიახლოებული უნდა იყოს ნატურალური მეღვინეობის სტანდარტებთან - აკრძალულია სხვადასხვა ქიმიკატის გამოყენება“, - აღნიშნავს ქიტესაშვილი.

ეს არ არის ერთადერთი ტექნოლოგია, რომლის ავტორიც „შუმია“. ძალიან საინტერესოა ახალგაზრდა ექსპერიმენტატორების მიერ მოგონილი „მწვანე რთველის“ მეთოდი.

ქართული ღვინო და იშვიათი ტექნოლოგიები - თანამედროვე მეღვინეების ექსპერიმენტები

„მაგალითად, თუ ვაზზე ათი მტევანია, „მწვანე რთველის“ მეთოდით ჩვენ ვწყვეტთ ხუთს, დარჩენილ ხუთს კი ვაზზე ვტოვებთ დასამწიფებლად. ამგვარად, ეს ხუთი მტევანი იღებს კომპონენტებსა და რესურსებს ორმაგი მოცულობით“, - განმარტავს საბა.

მაგალითად, ამ მეთოდით დამზადებულმა ღვინო „გეორგიკა საფერავმა“ 2017 წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში WinExpo Georgia 2017 ოქროს მედალი მოიპოვა და საუკეთესო ღვინის წოდება დაიმსახურა.

ღვინის ფასი

რასაკვირველია, იშვიათი ტექნოლოგიებით დამზადებული ღვინო იაფი არ ღირს. თუმცა არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ კომპანიის პროდუქცია მხოლოდ ჯიბესქელი მომხმარებლებისთვის მზადდება. კომპანიას აქვს ასევე კლასიკური ტექნოლოგიებით დამზადებული სტანდარტული ღვინოები სავსებით ხელმისაწვდომ ფასად.

„კომპანია „შუმს“ აქვს სტანდარტული ღვინოების ხაზი, რომლის ერთი ბოთლის ფასიც 7,5 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს. ჩვენ ვცდილობთ, არ ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ იმ კატეგორიაზე, რომელსაც მეტის გადახდა შეუძლია“, - აღნიშნა ქიტესაშვილმა.

ქართული ღვინო და იშვიათი ტექნოლოგიები - თანამედროვე მეღვინეების ექსპერიმენტები

თავის ერთ-ერთ უპირატესობად კომპანია საკუთარი ვენახების არსებობას მიიჩნევს, რომლებიც მთელ საქართველოში, 19 მიკროზონაშია გადაჭიმული. სხვათა შორის, არა მხოლოდ კახეთში, არამედ რაჭაშიც.

„საკუთარი ვენახების არქონა კომპანიებისთვის სერიოზული პრობლემაა. ისინი იძულებული არიან, შეიძინონ ყურძენი ისე, რომ არ არიან დარწმუნებული მის ხარისხში, ზუსტად არ იციან, რა ჯიშისაა, აქვს თუ არა შერეული სხვა ჯიშის ყურძენი... ჩვენ კი შესაძლებლობა გვაქვს, მაქსიმალურად გავაკონტროლოთ მოვლის პროცესი. ყურძნის და, შესაბამისად, ღვინის ხარისხი ხომ მის მოვლაზეა დამოკიდებული“, - ამბობს ღვინის კომპანიის წარმომადგენელი.

ქართული ღვინო და იშვიათი ტექნოლოგიები - თანამედროვე მეღვინეების ექსპერიმენტები

კომპანია „შუმის“ მიერ წარმოებული ღვინის დაახლოებით 80% ექსპორტზე გადის, შიდა ბაზარზე კი 20% იყიდება.

„საქართველოს შიდა ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დამკვიდრებული ბოთლის ღვინის მოხმარების პრაქტიკა. აქ არ უყვართ ბოთლის ღვინოში მაღალი ფასის გადახდა. აქედან გამომდინარე, არა მარტო ჩვენ, არამედ მრავალი ღვინის კომპანიაც სწორედ ამგვარად ანაწილებს პრიორიტეტებს უცხოური ბაზრების სასარგებლოდ“, - ასკვნის ქიტესაშვილი.

სტატისტიკა

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება - საქართველომ 2019 წლის დასაწყისიდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19,4 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა - 10%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იანვრიდან მარტამდე. ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება 47 მილიონი დოლარია, რაც 16%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ქართული ღვინის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულის პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი და ხვანჭკარა.