თბილისში წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადებიან

ფესტივალის ფარგლებში წიგნები დიდი ფასდაკლებით გაიყიდება
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. თბილისი უმასპინძლებს რიგით 21-ე წიგნის საერთაშორისო ფესტივალს - წელს ის Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში 30 მაისიდან 2 ივნისამდე გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ესპანელი პოეტები და მწერლები თბილისში ქართველ მკითხველებს შეხვდებიან >>

ფესტივალის მონაწილეების რეგისტრაცია დაწყებულია და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

„მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულთათვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები. ხოლო, მე-6 პავილიონი გასული წლის მსგავსად უმასპინძლებს პატარა მკითხველს და წარმოდგენილი იქნებიან საბავშვო გამომცემლობები და ორგანიზაციები“, - ნათქვამია ფესტივალის ანონსში.

ფესტივალის მიზანი 1997 წლიდან უცვლელი რჩება - საქართველოში კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება. ტრადიციულად, ყოველწლიურად ფესტივალის მონაწილეები არიან ქართული და უცხოური გამომცემლობები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

სკანდალურად ცნობილი ქართველი პოეტი საერთაშორისო პრემიაზე წარადგინეს >>

ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელზეც სტუმრებს წიგნებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სთავაზობენ.