საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ბრალდებული ექვსი მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს თაღლითურად დაეუფლა.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ის ანგარიში: იღებენ თუ არა საქართველოში ქრთამებს

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთში შოტოკანის მეცხრე ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსება გამოიყო.

„მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ოთხმა სპორტსმენმა, კახა ბ.-მ სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ექვსი მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს.

დამნაშავეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს და ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას.