ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავეს

რუსთავში რეკეტის ფაქტი დაფიქსირდა - ბოროტმოქმედი რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს თანხებს სძალავდა
Sputnik

თბილისი, 7  აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნესწილებს „კანონიერი ქურდები" ანაწილებენ: დაკავებულია სამი პირი

როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, სისტემატურად სძალავდა ფულს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს, თანხის არ მიცემის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, ასევე, სტომატოლოგიური კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა.

უწყების ცნობით, კლინიკის მფლობელი გამომძალველს სისტემატიურად უხდიდა სხვადასხვა ოდენობის თანხას. მიმდინარე წლის თებერვალში კი მან დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.

პოლიციამ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.