საქართველომ ანტალიის გრან-პრიზე კიდევ ორი მედალი მოიპოვა

თურქეთში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ოთხი მედალი მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 7  აპრილი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა გიორგი პაპუნაშვილმა და ავთო ჭრიკიშვილმა (-90 კგ) ანტალიის გრან-პრიზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გადამწყვეტ ბრძოლაში პაპუნაშვილი ტურნირის მასპინძელს - მიკაილ ოზერლერს ხვდებოდა. შეხვედრა იყო თანასწორი და ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დამატებით დროში კი თურქმა ძიუდოისტმა იპონით მოიგო.

ქართველმა ძიუდოისტმა ანტალიის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

პაპუნაშვილისთვის ეს ვერცხლი ამ კვირაში მეორე გახდა. თბილისის გრან-პრიზე, რომელიც გასულ უქმეებზე გაიმართა, ქართველი ძიუდოისტი გავიდა ფინალში, მაგრამ კუბელ ივან მორალესთან დამარცხდა.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ავთო ჭრიკიშვილმა დაიმსახურა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა სერბეთის წარმომადგენლის, ალექსანდრ კუკოლის წინააღმდეგობა გადატეხა.

ამგვარად, ანტალიის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა უკვე ოთხი მედალი. მანამდე ტურნირის ჩემპიონი გახდა ლუკა მაისურაძე (-81 კგ), ხოლო ბრინჯაო ბაგრატ ნინიაშვილმა (-66 კგ) მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები გარანტირებულად მიიღებს კიდევ ერთ მედალს, რადგან 100 კგ ზემოდ წონით კატეგორიაში ფინალში ლევან მატიაშვილი გავიდა.