ჯიუტი ბანკირი და გაცრუებული იმედები...

საბანკო რეგულაციები უცვლელი დარჩა! საქართველოს ფინანსთა მინისტრი წესების გამარტივებას ვარაუდობდა, თუმცა, პროგნოზი არ გამართლდა... რატომ?!
Sputnik

სამსონ ხონელი

მომიტევოს მკითხველმა! ყველამ თუ არა ნაწილმა მაინც... ვწუხვარ, ვერაფრით გავახარებ, ვისაც მოლოდინი ჰქონდა, რომ პარლამენტში ქვეყნის მთავარი ბანკირის სტუმრობის შემდეგ საბანკო რეგულაციები გამარტივდებოდა... არადა, ხომ ვიცი, რომ ასეთი ცოტა არ იყო... კობა გვენეტაძის ხალხის რჩეულებთან შეხვედრას და დებატებს ბევრი შესცქეროდა იმედის თვალით. მათ შორის იყვნენ საკრედიტო სტრუქტურების მესვეურებიც, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში დაკრედიტების პორტფელის მკვეთრ შემცირებას უჩივიან. რბილად რომ ვთქვათ, გულგრილი არც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იქნებოდნენ, ისინი ამბობენ, რომ საბანკო რეგულაციების წყალობით სამომხმარებლო ბაზარზე  განახევრდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯისა და სხვა პროდუქტების გაყიდვები... და ბოლოს, არ დავივიწყოთ კლიენტები, რომელთა უმრავლესობა ბრაზობს, რომ  განვადებით სარგებლობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია... 

რას იტყვის მთავარი ბანკირი... ანუ როგორი იქნება კობა გვენეტაძის ვერდიქტი?>>>

საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაციის მოლოდინის საფუძველი, განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკი აუცილებლობის შემთხვევაში წესების გადახედვას შეძლებდა. ქვეყნის პირველ ფინანსისტს არ დაუმალავს, რომ ის ამ მასშტაბის რეგულაციების მომხრე არც ადრე იყო და არც ახლა არის...

„საბანკო რეგულაციების გადახედვაზე მსჯელობა და მუშაობა მიდის, გვაქვს კონსულტაციები ეროვნულ ბანკთანაც. საბოლოო დასკვნებისთვის საკმარისი დრო ჯერ კიდევ არ არის გასული, თუმცა, ტენდენციები მიგვანიშნებს, რომ შეიძლება,  რეგულაციების გადახედვა მოგვიწიოს.  მე პირადად  ამის მხოლოდ მომხრე ვიქნები...“, − აცხადებდა ივანე მაჭავარიანი. 

ეროვნული ბანკი: დაკრედიტებაზე შეზღუდვების დაწესებამ ქვეყნის ეკონომიკა გადაარჩინა
 

ვერაფერს გავაწყობთ, მთავარი ბანკირი რეგულაციების გამარტივების აუცილებლობას ჯერ ვერ ხედავს, კობა გვენეტაძე პრინციპულია და უკან არ იხევს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ განმარტავს კომერციულ ბანკებში საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების მიზეზსა და მოტივს... „მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა, მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა უმუშევრობა. ჩვენი, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობისა და პარლამენტის ფუნქცია, როლი და მანდატია, რომ არ დაველოდოთ ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავლო პრობლემების ასარიდებლად დროულად მივიღოთ ზომები...“, − აცხადებს კობა გვენეტაძე.

ქვეყნის პირველმა ბანკირმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. თანაც ის ევროდირექტივების მოთხოვნაც არის. ეროვნული ბანკის ამოცანა ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა და სწორედ ამ მიზნით გადაიდგა აუცილებელი ნაბიჯები. კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა სწრაფი სესხების საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ 2017 წლამდე ამ ტიპის სესხებზე  მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ხშირ შემთხვევაში, 3 ათას პროცენტამდეც კი ადიოდა. „საპროცენტო განაკვეთის ჯერ 100%–მდე და შემდეგ კი  50%–მდე შეზღუდვამ  შეწყვიტა ე.წ. მტაცებლური სესხები... ასევე გემახსოვრებათ, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბადის მნიშვნელოვანი ნაწილი ამგვარი სესხების რეკლამებს ეკავა. ეფექტური განაკვეთის 100%–მდე შეზღუდვას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მეტიც, იყო საუბარი, რომ ეს კომპანიები ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლებდნენ და მოსახლეობის მასობრივ დაკრედიტებას გააგრძელებდნენ. ეს ასე არ მოხდა! ეს სქემები ეტაპობრივად დაიხურა და ამ კომპანიების ნაწილმა სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, სადაც მსგავსი რეგულაციები ახლა ინერგება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ტრიბუნიდან.

ჭარბვალიანობა ახრჩობს, კრედიტებზე წვდომის შეზღუდვა გუდავს: არსებობს თუ არა გამოსავალი>>>

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო რეგულაციების პოზიტიურ შედეგებზეც  ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემოსავალთან არაპროპორციულად მაღალი ტვირთის სესხები უკვე აღარ გაიცემა  

და სახეზეა იპოთეკური სესხების პორტფელის ხარისხის საგრძნობი გაუმჯობესება, რაც კარგად ჩანს სესხის მომსახურების შემცირებულ კოეფიციენტებში. საგულისხმოა, რომ ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში მკვეთრად გაზრდილია ლარის წილი, რაც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. იპოთეკური სესხები შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით ასევე გაიცემა ლარში. ყოველივე ამის შედეგად, მოსახლეობის დაკრედიტების ზრდის ტემპი ეტაპობრივად მდგრად დონეს მიაღწევს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, 2019 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნესის დაკრედიტების წილი, განსაკუთრებით აქტიურიობს მცირე და საშუალო ბიზნესი. ასევე, ითქვა, რომ ახალმა რეგულაციებმა სამომხმარელო სესხების 20–პროცენტიანი ზრდა 5%–მდე შეამცირა. იპოთეკური სესხების ზრდა კი ვერ მოთოკა და 30%–ს აღემატება. 

რაც შეეხება მომხმარებლების ხელმისაწვდომობას ე.წ. სამომხმარებლო სესხებზე, რომლებიც ძირითადად საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან ავეჯის შეძენას, მკურნალობას ან საზღვარგარეთ მოგზაურობას ხმარდება ხოლმე, როგორც საბანკო სფეროს მთავარი მარეგულირებელი უწყების პირველი პირი აცხადებს, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ  არაფორმალურ სექტორში მომუშავე პირებს, გზავნილების მიმღებებს და უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს სესხზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება! თუ მსესხებელს რაიმე ტიპის, ფორმალური ან თუნდაც არაფორმალური შემოსავალი გააჩნია, ის ამ შემოსავლების ფარგლებში საკრედიტო რესურსზე წვდომას შეძლებს... თუმცა, კობა გვენეტაძემ ისიც აღნიშნა, რომ სამომხმარებლო სესხები უმრავლეს შემთხვევაში  მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია და მისი სარგებელი ეკონომიკისთვის მცირეა. 

საბანკო რეგულაციების შედეგები: მოწყენილი მოვაჭრეები და გაბრაზებული მყიდველები...
  

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამომავლოდ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით ხელი შეეწყობა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიც არის მცირე და საშუალო მეწარმეობა და სხვა ბიზნეს–სესხები. შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15%–ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნესს დაეთმობა, შესაბამისად, ბიზნეს–დაკრედიტების ხარჯზე სესხების ზრდას ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებაზე გაცილებით მაღალი ეფექტი ექნება, ვიდრე სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში. აი ასე, ეს მათთვის, ვინც ფიქრობს და ღაღადებს, რომ ეროვნული ბანკი ჩვენზე არ ზრუნავს... 

ლარის „თავგადასავალი“, ანუ ვინ რას აწვება და რატომ?

ამასობაში, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. მსოფლიო ბანკი 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის 4,6%–ით ზრდას ვარაუდობს. ხოლო 2020 წელს ეკონომიკა 4,8%–ით და 2021 წელს 5%–ით გაიზრდება. ავტორიტეტული და გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის შენელებას, გარკვეულწილად, განაპირობებს ეროვნული ბანკის ღონისძიებები, რომელიც მიმართულია პასუხისმგებილიანი დაკრედიტების წახალისებისკენ.  

გამართლდა ექსპერტ-ანალიტიკოსების პროგნოზი. როგორც  ისინი ვარაუდობდნენ, ამ ეტაპზე საბანკო რეგულაციები არ გამარტივდა და საკითხიც დაიხურა... როდემდე? აი,  ეს კი არავინ უწყის!