თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2018 წელს ქრთამის აღების 21 ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.
იზრდება თუ არა დანაშაული საქართველოში - პრემიერის სიტყვა პარლამენტში >>
სუს-ის ანგარიშში შევიდა მონაცემები, რომელიც უკავშირდება კორუფციის, ტერორიზმის საფრთხეების, კონტრდაზვერვის მუშაობას, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ საფრთხეებთან ბრძოლას და პერსონალური მონაცემების დაცვას.
„2019 წელს, გასული წლების მსგავსად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სამოხელეო და კორუფციული დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას“, - ნათქვამია ანგარიშში.
იქვე აღნიშნულია, რომ კორუფცია ფუნდამენტურად აზიანებს ქვეყნის განვითარების პროცესს და რთულად გამოსასწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოსადმი ნდობას, აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
გასულ წელს სუს-მა გამოძიება სისხლის სამართლის 71 საქმეზე დაიწყო. აქედან 21 საქმე ეხება მექრთამეობას, 12 - თაღლითობას, 13 - სამსახურებრივ გულგრილობას. სულ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 133 პირი მიეცა.
სუს-მა მოიყვანა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ პირთა მცირე სია, მათ შორის არიან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, მცხეთის მერიის წარმომადგენელი, სამტრედიის მერის პირველი მოადგილე, საგარეჯოს საკრებულოს დეპუტატი, ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე.
კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს ერთ-ერთ მიღწევას წარმოადგენს. საქართველოში როგორც ქრთამის აღება, ისე ქრთამის მიცემა დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ქრთამის აღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო აღება - ჯარიმით ან 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.