საქართველოს პრეზიდენტი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე ბათუმში სიტყვით გამოვიდა

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ საქართველოს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ანდეს
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე ბათუმში ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში - ტალახაძე კვლავ ფავორიტია >>

საქართველო ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს - ტურნირი 6-13 აპრილს გაიმართება. პირველად ტურნირი 2015 წელს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა.

„ეს დიდი დღეა საქართველოსათვის. მსოფლიოს სპორტული სამყაროს ნდობის მოპოვება ჩვენი წარმატებული სპორტსმენების დამსახურებაა, რომლებსაც მინდა მივულოცო ამ შეჯიბრის დაწყება და წარმატება ვუსურვო ჩემპიონატის მონაწილე ყველა სპორტსმენს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ტურნირში ევროპის 43 ქვეყნის 402 სპორტსმენი (215 მამაკაცი და 187 ქალი) მონაწილეობს. მედლები გათამაშდება 20 წონით კატეგორიაში (ათ-ათი მამაკაცებსა და ქალებს შორის).

ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობა თურქეთსა (30 ძალოსანი) და რუსეთს (29) ჰყავს. საქართველოს ბათუმში 17 სპორტსმენი - ოთხი ქალი და 13 მამაკაცი წარადგენს.