„გეკუთვნის, მაგრამ..." – მოუწევთ თუ არა სკოლის მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება

იმ კანონპროექტის დასამტკიცებლად, რომლის წყალობითაც საქართველოში გამოსაშვები გამოცდების ჩატარება საჭირო აღარ იქნება, დეპუტატების ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მესამე, ანუ საბოლოო მოსმენით განხილვისას ჩააგდეს შესწორებები კანონში „ზოგადი განათლების შესახებ", რომელიც სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას გულისხმობს.

შესწორებებს ხმა მისცა მხოლოდ 54-მა დეპუტატმა, საჭირო კი იყო მინიმუმ 63 ხმა. ეს იმ დროს, როცა მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ამჟამად პარლამენტში 108 მანდატი აქვს.

განათლების მინისტრი: პრიორიტეტი ქართული სკოლის მოდელის შექმნაა

საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა.

გამოსაშვები გამოცდები საქართველოს სკოლებში ორ ეტაპად – მე-11 და მე-12 კლასებში ტარდება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ კანონპროექტს კენჭისყრაზე ხელმეორედ გაიტანენ.

„ჩავარდნის მიზეზს ვერ გეტყვით. მხარდამჭერების შესაბამისი რაოდენობა ვერ მოგროვდა, ამიტომ რეგლამენტის პროცედურებს უნდა გავყვეთ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ინიციატორს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში განმეორებით დააყენოს აღნიშნული კანონპროექტი კენჭისყრაზე. ეს იმიტომ, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენამდე იყო მისული. არ გამოვრიცხავ, რომ დღესვე დადგეს განმეორებით კენჭისყრაზე. თუ დღესვე ვერ მოხდება, მაშინ ორი კვირის შემდეგ, როცა პლენარული სხდომების კვირა იქნება", – განაცხადა კახიანმა.

განათლების სამინისტროს დეპუტატების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი მასმედიასთან ჯერჯერობით არ გაუკეთებია.