„მოიზიდე და გაანადგურე" – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

უცხოელი ექსპერტების შეფასებით, საქართველოში აზიური ფაროსანას დამარცხება ორ-სამ წელიწადში იქნება შესაძლებელი.
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საკარმიდამო ნაკვეთებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში, სადაც აზიური ფაროსანას მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, დამონტაჟდება სადგურები „მოიზიდე და გაანადგურე", აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში აზიური ფაროსანას დათვლას იწყებენ>>>

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და ის, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ: ბოლო ცნობები

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგის პირველი ეტაპი 20 მარტს დაიწყო. დასავლეთ საქართველოში ფიტოსანიტრებმა და მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა შეამოწმეს საკარმიდამო ნაკვეთები, თხილის ბაღები და ადგილობრივი მცხოვრებლების საცხოვრებელი სახლები. უკვე აპრილში დაიწყება სპეციალური მოწყობილობების დამონტაჟება, რომელთა საშუალებითაც დადგინდება მავნებლების რაოდენობა და მათი გავრცელების არეალი.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურების, ანუ ხაფანგების განთავსების ვადებისა და ადგილმდებარეობის საკითხები იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მონიტორინგის ჯგუფების წევრებთან ერთად განიხილა.

„ამ ეტაპზე მავნებელი ჯერ კიდევ პასიურია და მოზამთრე ფაზაშია. პირველი ეტაპის შედეგებით განისაზღვრა ის სოფლები, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე" ხაფანგები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია მავნებლის რაოდენობისა და გავრცელების არეალის შესახებ", – განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

შალამბერიძის თქმით, მონიტორინგის მეორე ეტაპზე სადგურები „მოიზიდე და გაანადგურე" სოფლის ტერიტორიებსა და ტყის პირებზე დამონტაჟდება, რაც ხელს ხელს შეუწყობს მავნებლის რაოდენობის შემცირებას და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას. მწერის მოსაზიდი ფერომონები იზიდავს მავნებელს, რაც მნიშვნლოვნად და ზუსტად განსაზღვრავს ბრძოლის ღონისძიებების არეალს და მაქსიმალურად ამცირებს მავნებლის რიცხოვნობას.

დავითაშვილი: საქართველო 2-3 წელში აზიურ ფაროსანას დაამარცხებს>>>

უცხოელი ექსპერტების შეფასებით, საქართველოში აზიური ფაროსანას დამარცხება ორ-სამ წელიწადში იქნება შესაძლებელი. 2019 წელს დაგეგმილია მავნებელთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა შედეგიც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

2018 წელს მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 49 მლნ ლარი გამოიყო. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარი გამოუყო.