„ძალადობა გამოსავალი არ არის“ - სერგეენკო დევნილების მიერ Dirsi-ში შეჭრის შესახებ

დღემდე 70 ოჯახი კომპლექს Dirsi-ს ერთ-ერთი სახლის დატოვებაზე უარს აცხადებს
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ძალის გამოყენება ვერ გადაჭრის დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პრობლემას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მინისტრმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა ახალ საცხოვრებელი კომპლექს Dirsi-ში მრავალბინიან კორპუსებში დევნილების შეჭრასთან დაკავშირებით.

დევნილების ნაწილმა Dirsi-ის ერთი კორპუსი გაათავისუფლა >>

გასულ კვირას იძულებით გადაადგილებულ პირთა დაახლოებით 150-მა ოჯახმა, რომელთა შორის არიან ბავშვები და მოხუცები, კომპანია Dirsi-ში 200 ბინა უკანონოდ დაიკავა. მათი სიტყვებით, ხელისუფლებას მათთვის ბინები უნდა გადაეცა, თუმცა დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, ბევრმა მათგანმა უკანონო საცხოვრისი დატოვა - დღეისათვის ერთ-ერთ სახლში დაახლოებით 70 ადამიანი რჩება.

„შენობაში ძალისმიერი შეჭრა მართლა არ არის გამოსავალი, ეს არ არის ის გზა, რომლის მიხედვითაც ადამიანები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან. ერთადერთი გზა არის ის რიგითობა, რომლის დაცვის ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს. სხვანაირად, ერთ ჯერზე ორი მილიარდი დოლარი უბრალოდ არ გვაქვს ამისთვის. რიგითობა უნდა იყოს შეთანხმებული დევნილთა საზოგადოებასთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს სერგეენკომ.

მისი თქმით, დღეისათვის პრობლემა იმაშია, რომ დევნილთა ნაწილს არ მოსწონს შერჩევის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემა ბინები.

დევნილები დაკავებული Dirsi-ს დატოვებას არ აპირებენ – რა ხდება თბილისის გარეუბანში

რაც შეეხება Dirsi-ს, 70 დევნილი უარს აცხადებს დაკავებული ბინების დატოვებაზე მანამ, სანამ ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიიღებენ დაპირებას, რომ უახლოეს მომავალში მათ ბინებს გადასცემენ. ზოგიერთი მათგანი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი აქვს 273,4 ათას ადამიანს, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, მაგრამ მათ წლების განმავლობაში რიგებში დგომა უწევთ.

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე კონტროლი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ საქართველომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.