თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს სამხედროების ბინებით უზრუნველყოფას - 2019 წელს საცხოვრებელ ბინებს 260 სამხედროს გადასცემენ, განაცხადა მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას.
რებრენდინგი თავდაცვის სამინისტროში >>
2020 წელს ბინებს კიდევ 500 სამხედრო მიიღებს.
იზორიამ ასევე განუმარტა დეპუტატებს, რომ საქართველოში 8 ათას სამხედროს წოდების მიხედვით ხელფასი 100-დან 500 ლარამდე თანხით გაუზარდეს.
ბოლო დრომდე რიგითი მოსამსახურეების ხელფასი, რომელიც ჯარში მინიმალურია, 950 ლარს შეადგენს, გენერლების - 4300 ლარს.
თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეების ჯანდაცვაზეც იზრუნა.
დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში ისეთივე სამხედრო ჰოსპიტალი გაიხსნა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში. გარდა ამისა, უახლოეს დროს წეროვანში იგეგმება სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, რომელშიც დაჭრილი ქართველი სამხედროები სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან.