„ჯანმრთელი დაბერება" – ასაკოვან ადამიანებს ცხოვრების გახალისებაში დაეხმარებიან

საქართველოში ასაკოვანი ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი" უერთდება გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კამპანიას „ჯანმრთელი დაბერება" და მის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კამპანიის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლები შეეცდებიან საქართველოს მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ, რომელიც თან სდევს სიბერეს და მისცენ რეკომენდაციები ამ სირთულეების გადასალახად.

ერთი წლის განმავლობაში დაიგეგმება ღონისძიებები, რომლებშიც ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გერონტოლოგები. სპეციალისტები პროპაგანდას გაუწევენ ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, იმუნური სისტემის გაძლიერების პროცედურებს. ჯანმრთელი დაბერებისთვის ასევე აუცილებელია გონების ვარჯიში, კროსვორდების ამოხსნა, ახალი ენების შესწავლა, ფაზლების აწყობა.

რატომ უნდა სვან რძე ასაკოვანმა ადამიანებმა – მოულოდნელი ეფექტი

კონკრეტულად როდის დაიწყება პროგრამა და როგორ შეიძლება მასში მონაწილეობა, ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 60 წელს ზემოთ ასაკის 769,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ასაკოვანი ადამიანებისთვის შესაბამისი გარემო პირობების შექმნის მიზნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია „ჯანმრთელი დაბერების" კამპანიის ფარგლებში თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან და სხვა პარტნიორებთან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჯანმრთელი დაბერების კონცეფცია გულისხმობს ისეთი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნას, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს, მთელი ცხოვრების მანძილზე მათთვის საყვარელი საქმით დაკავდნენ.

საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი" 1994 წლის 3 ნოემბერს დაარსდა. იგი 1998 წლიდან მსოფლიო კონფედერაცია Caritas Europa და Caritas Internationalis-ის წევრია. საერთაშორისო კარიტასი 160 ქვეყნისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში შეჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან.