დევნილების ნაწილმა Dirsi-ის ერთი კორპუსი გაათავისუფლა

იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაწილი, რომლებმაც კომპლექს Dirsi-ში ბინები უკანონოდ დაიკავეს, №15 კორპუსში ამ დრომდე რჩება.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, რომლებმაც ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის" (Dirsi) ორი მრავალსართულიანი კორპუსი უკანონოდ დაიკავეს, ერთ-ერთი კორპუსის – №13-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დევნილები დაკავებული Dirsi-ს დატოვებას არ აპირებენ - რა ხდება თბილისის გარეუბანში>>>

კვირას იძულებით გადაადგილებულ პირთა დაახლოებით 150-მა ოჯახმა, რომელთა შორის არიან ბავშვები და მოხუცები, კომპანია Dirsi-ში 200 ბინა უკანონოდ დაიკავა. მათი სიტყვებით, ხელისუფლებას მათთვის ბინები უნდა გადაეცა, თუმცა დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა. ამ დღეების განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომლებიც არავის აძლევდნენ შენობებში შესვლის უფლებას.

„ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა მათთან. ინდივიდუალურად გავიარეთ ყველა ოჯახის საკითხი. ხვალიდან უკვე შევძლებთ, ნორმალურ, სამართლებრივ რეჟიმს დავუბრუნდეთ და ჩვენ ოფისში შევძლოთ საკითხების გადაწყვეტა", – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი გიორგაძემ.

ამასთან, მან განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებულთა დაახლოებით ათი ოჯახი თბილისში ბინებს უახლოეს ორ თვეში მიიღებს.

ამ დროისთვის Dirsi-ის №15 კორპუსში ათობით ოჯახი რჩება, რომელთაც სამინისტრომ ასევე შესთავაზა მოლაპარაკებების დაწყება.

დევნილების ნაწილმა Dirsi-ის ერთი კორპუსი გაათავისუფლა

„დღეს ჩვენ მოგვაწოდეს 120 ოჯახის სია. შევისწავლეთ ეს ოჯახები და, როგორც გავაკეთეთ მე-13 კორპუსში შეჭრილ დევნილებთან მიმართებაში, შეგვიძლია დანარჩენი დევნილების წარმომადგენლებთან ერთადაც დავსხდეთ და დეტალურად გავიაროთ ყველა ოჯახის პერსპექტივა. იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებებიც წარმატებულად დასრულდება", – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

დევნილები „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შეიჭრნენ - ვითარება რთულდება

მანამდე ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ განაცხადა, რომ სამინისტროს მხოლოდ 104 მოქალაქის შესახებ აქვს ინფორმაცია, რომლებიც Dirsi-ის ბინებში შეიჭრნენ. მისი სიტყვებით, მათგან დაახლოებით 15% არ არის იძულებით გადაადგილებული პირი, ხოლო 50% დარეგისტრირებულია რეგიონებში და მათ თბილისში ბინები არ ეკუთვნით. კიდევ 15%-მა კი გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში უკვე მიიღო ბინები ან კომპენსაცია.

დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათასზე მეტ ადამიანს აქვს, რაც 88,7 ათას ოჯახზე მეტია. სახელმწიფო ამ ოჯახებისთვის ბინებს ეტაპობრივად გასცემს, თუმცა მათ წლების განმავლობაში უწევთ რიგში დგომა.