პანკისის ხეობაში და-ძმებთან თამაშის დროს გოგონა დაიღუპა

საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში უბედური შემთხვევა მოხდა - ქავთარაშვილების ოჯახში და-ძმებთან თამაშის დროს გოგონა დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, და-ძმების მიერ სიმაღლეზე შეგდებული თავსაფრის ჩამოსატანად ასულ გოგონას ფეხი დაუცდა და ის რკინის კონსტრუქციას ჰიჯაბით ჩამოეკიდა.

ფოთში დენის დარტყმის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა

ადგილობრივები თვითმკვლელობას გამორიცხავენ. ოჯახის ახლობლის, რამაზ ბაღაკაშვილის განცხადებით, მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ.

„გოგონას მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. დედამისი უმცროსი ძმის წამოსაყვანად საბავშვო ბაღში იყო წასული. ბავშვებმა თამაშისას თავსაფარი აუგდეს თურმე და ჩამოტანას რომ ცდილობდა, მაშინ ჩამოვარდნილა და რკინის კონსტრუქციას ჩამოეკიდა ჰიჯაბით. შეშინებული ბავშვების კივილზე მთელი უბანი გამოვიდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა”, – განაცხადა ბაღაკაშვილმა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.

საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.