საშიში მედიკამენტები: საქართველოში არტერიული წნევის 40-ზე მეტი წამლის გაყიდვა შეაჩერეს

აფთიაქებმა უკვე მიიღეს მითითება გარკვეული მედიკამენტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წამლის სააგენტომ დროებით შეაჩერა არტერიული წნევის სამკურნალო ორმოცზე მეტი დასახელების მედიკამენტის რეალიზაცია. ეს წამლები ნივთიერება სარტანებს შეიცავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სარტანები ჰორმონების რეცეპტორების ბლოკატორებია, რომლებიც სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს. ამ წამლების გაყიდვის შეჩერების გადაწყვეტილება საქართველოში წამლების ევროპული სააგენტოს (ЕМА) ახალი რეკომენდაციით მიიღეს.

ახალი რეგულაცია – ექიმები ზედმეტ წამლებს ვეღარ გამოწერენ>>

აკრძალული პრეპარატების რიცხვში მოხვდნენ: ვალსარტანი, კანდესარტანი, ირბესარტანი, ლოზარტანი, ოლმესარტანი და სხვა. წამლის სააგენტო აღნიშნავს, რომ მედიკამენტების გაყიდვა განახლდება მას შემდეგ, რაც მწარმოებლები პრეპარატების შემადგენლობას შეცვლიან.

„პაციენტებს ვთხოვთ, დროულად მიმართონ ექიმს დანიშნული პრეპარატების შესაცვლელად", – აცხადებენ სააგენტოში.

მსოფლიო მედია: ნიფედიპინი გულის მოულოდნელად გაჩერების რისკს ზრდის

წამლის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მალე გამოქვეყნდება იმ წამლების ჩამონათვალი, რომელთა რეალიზება შეჩერებულია. ამასთან, მომავალში გამოქვეყნდება ინფორმაცია პრეპარატების გაყიდვის აღდგენის შესახებ.

წამლების ევროპის სააგენტომ მიმდინარე წლის თებერვალში წარმოადგინა განახლებული ინფორმაცია სარტანების პრეპარატების შესახებ, რომელსაც არტერიული ჰიპერტენზიის თერაპიის დროს იყენებენ. აქტიურ ნივთიერებაში აღმოჩნდა პოტენციური კანცეროგენული მინარევი N-ნიტროზოდიმეტილამინი (NDMA). ЕМА-მ მწარმოებლები დაავალდებულა, გადახედონ წარმოების პროცესს და ნიტროზამინის ნარევი მთლიანად გამორიცხონ პრეპარატებში.

საქართველოს წამლის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სარტანების შემცველი მედიკამენტები არ წარმოშობს დაუყოვნებლივ რისკებს, თუმცა უწყება პრევენციულ ზომებს ატარებს.