თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მოქმედება, რომლებიც ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის" (Dirsi) ბინებში შეიჭრნენ თბილისის გარეუბანში, კერძო საკუთრების ხელყოფაა, განაცხადა კომპანია As Georgia Dirsi-ს გენერალურმა დირექტორმა ბესო ჯიქურაულმა.
ამჟამად „დირსის" ტერიტორიაზე, როგორც „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი იუწყება მოვლენების ადგილიდან, დევნილების მიმართ სოლიდარულად განწყობილი ადამიანების საპროტესტო აქცია იმართება.
დევნილები „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შეიჭრნენ - ვითარება რთულდება>>
„ეს არის კერძო საკუთრების შელახვა, რაც არის მიუღებელი. პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს პირველივე დღიდან, თუმცა მათ არ აქვთ უფლება, რომ იძულების გზით გამოიყვანონ ეს ადამიანები. მათი შეჭრით ზიანი ადგება ჩვენს ქონებას, ინვესტიციასა და სამომავლო გეგმებს. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად იმუშავებენ და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს", – განაცხადა ჯიქურაულმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უკვე მეოთხე დღეა, დაახლოებით 150 იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის ბავშვები და მოხუცები, უარს აცხადებენ, დატოვონ დაახლოებით 200 ბინა კომპანია Dirsi-ს ორ კორპუსში. მათი თქმით, ხელისუფლებამ მათ ბინები უნდა გადასცეს, მაგრამ დანაპირები ჯერ არ შეუსრულებია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც დევნილების ახლობლებსა და ნათესავებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
ჯიქურაულის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, მაგრამ ჯერჯერობით – უშედეგოდ.
„კომპანიას ყველა სადარბაზოში ჰყავდა დაცვის სამსახური, მაგრამ ასეულობით ადამიანი მოვიდა და ნამდვილად არ ვიყავით მათი თავდასხმისთვის მზად. კორპუსს ელექტროენერგია და წყალი არ მიწოდება, რადგან სამუშაოები დასრულებული არაა და საფრთხის შემცველია, ზოგიერთ სართულზე კაბელები ღია მდგომარეობაშია. ბინებში შიდა კარები ხის არის და, როგორც ვიცით, გუშინ ისინი დაამტვრიეს და დაწვეს", – განაცხადა ჯიქურაულმა.
ამასთან, დევნილები, რომლებმაც საცხოვრებელ კომპლექსში ბინები დაიკავეს, ჩივიან, რომ ახლობლებს მათთვის მედიკამენტების, საჭმლისა და წყლის გადაცემის საშუალება არა აქვთ.
ამჟამად იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი საქართველოში 273,4 ათასზე მეტ ადამიანს აქვს, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია. სახელმწიფო ოჯახებს ბინებით უზრუნველყოფს, მაგრამ მათ რიგში წლობით დგომა უწევთ.
საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე კონტროლი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების სუვერენიტეტი აღიარა, საქართველომ კი ამის საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.