თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. მარნეულის რაიონის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს, რომელსაც ბრალად ედება ადგილობრივ მცხოვრებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, განაცდური (შვიდი თვის) ხელფასის - 32 ათასი ლარის აღებაზე უარი უთხრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
აბაზოვმა მარნეულის მერიისგან განაცდური ხელფასის გადახდა მოითხოვა. რუსთავის რაიონულმა სასამართლომ თემურ აბაზოვი 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლომ დააკმაყოფილა აღკვეთის ზომის შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა. სასამართლომ იხელმძღვანელა იმით, რომ უკვე ყველა მტკიცებულება შესწავლილია და ყველა მოწმე დაკითხული.
აბაზოვი და კიდევ ორი პირი 2018 წლის ივნისში მარნეულის მკვიდრ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე აღძრული საქმის ფარგლებში დააკავეს, მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა", რომელიც ჟურნალისტური გამოძიებითაა დაკავებული, სკანდალური სიუჟეტი გაავრცელა, რომელშიც გამოყენებული იყო Facebook-ით გავრცელებული ვიდეოკადრები. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად და აიძულებენ საკუთარი შარდით სახის დაბანას მარნეულის მკვიდრ ალახვერდიევს, რომელმაც მანამდე უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
აბაზოვის განცხადება ხელფასის გადახდის მოთხოვნით მარნეულის საკრებულომ 13 მარტს ცნობად მიიღო. შემდგომში განცხადება გადაიგზავნა მერიაში, სადაც ის შესაბამისმა სამსახურებმა განიხილეს. რა გახდა აბაზოვის მოთხოვნაზე უარის თქმის მიზეზი, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
მარნეულის საკრებულომ აბაზოვს მერის უფლებამოსილება მიმდინარე წლის 12 თებერვალს შეუჩერა.
მარნეულის ყოფილ მერს ბრალი დაუმძიმდა >>
ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება.