თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი ცხოველების გადასარჩენად კამპანიას იწყებს

ზოოპარკში რეაბილიტაციას დაობლებული ბელებიც გადიან.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისის ზოოპარკმა საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენისა და კონსერვაციის კამპანია დაიწყო, აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია იშვიათი სახეობების – კეთილშობილი ირმის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და ნიამორის გამრავლება და მათი ბუნებაში დაბრუნება.

თბილისის ახალ ზოოპარკში ოთხი ჯიხვი ჩამოიყვანეს

„პროექტის განსახორციელებლად დამატებითი ფინანსებია საჭირო, ამიტომ გვჭირდება თითოეული მოქალაქის ჩართულობა და თანადგომა", – აღნიშნულია განცხადებაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკვე გახსნილია ონლაინ-გადარიცხვის ფორმა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი რაოდენობის თანხის შემოწირვაა შესაძლებელი.

„შეგროვებული თანხით გადავარჩენთ საფრთხეში მყოფ სახეობებს და საქართველოში სიცოცხლის მრავალფეროვნებას შევინარჩუნებთ", – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ზოოპარკში რეაბილიტაციას დაობლებული ბელებიც გადიან.

რამდენიმე დღის წინ, ჯიხვების კონსერვაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის ზოოპარკში ოთხი დასავლეთ კავკასიური ჯიხვი ჩამოიყვანეს საფრანგეთიდან და ჩეხეთიდან.