ბავშვის თვალით დანახული: საქართველოში თბილისისა და პეტერბურგის შესახებ ფილმი გადაიღეს

ძალიან მალე ბავშვთა კინოაკადემიის მონაწილეები დაასრულებენ ფილმის გადაღებას, რომელიც დაძმობილებული ქალაქების - თბილისისა და პეტერბურგის ურთიერთობას ეძღვნება.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოს დედაქალაქში რუსეთის ბავშვთა კინოაკადემიის მონაწილეთა მორიგი ვიზიტი მიეძღვნა კინოს, რომელიც ცვლის წარმოდგენას ისტორიაზე, ხალხთა მეგობრობაზე, 20 წლის წინ დაძმობილებული ქალაქების - თბილისისა და სანქტ-პეტერბურგის, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე.

კინოაკადემიის ორგანიზატორებმა და გადაღების პროცესის უშუალო მონაწილეებმა - ბავშვებმა - „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღნიშნეს, თუ რატომ უნდა გვახსოვდეს საერთო ისტორია, რატომ უნდა შევისწავლოთ და მოვაგვაროთ თანამედროვე კონფლიქტები, და რაც მთავარია, გავიცნოთ ერთმანეთი, ვიმეგობროთ და აქტიურად გავავითაროთ ბავშვთა დიპლომატია.

მასპინძელი მხარის წარმომადგენლის, რეგიონული უსაფრთხოების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორის, ალექსანდრ რუსეცკის თქმით, პროექტ „კინოკუნძულის“ დაარსების დღიდან ბევრი ბავშვი უკვე გაიზარდა. ასე რომ, მათი დიპლომატია საბავშვოდან სტუდენტურ, ახალგაზრდულ დიპლომატიაში გადაიზარდა. ამჟამინდელი ვიზიტი რიგით მეხუთეა.

„რატომ ვმუშაობთ ბავშვებთან? იმიტომ რომ დიპლომატიის კულტურის დონე, კონფლიქტების მოგვარების კულტურის დონე ბავშვობიდან უნდა გავითავისოთ. გაგვაჩნია თუ არა სხვადასხვა კონფლიქტის მოგვარების უნარი - სწორედ ეს არის ჩვენი კულტურის საერთო დონის მაჩვენებელი. დღევანდელი მოუგვარებელი პრობლემები და კონფლიქტები, სამწუხაროდ, ამ სფეროში ჩვენი არასახარბიელო, უფრო ზუსტად კი, დაბალი კულტურის მაჩვენებელია. ვიმედოვნებ, ახალი თაობა გაცილებით პრაგმატული და ყველა ამ პრობლემის მოგვარებისკენ ორიენტირებული იქნება. კონფლიქტები ხომ თავისი არსით არა მხოლოდ პრობლემებს ქმნიან, არამედ განვითარების შესაძლებლობასაც იძლევიან“, - აცხადებს რუსეცკი.

ბავშვის თვალით დანახული: საქართველოში თბილისისა და პეტერბურგის შესახებ ფილმი გადაიღეს

როგორც კინოაკადემია „კინოკუნძულის“ დირექტორმა, „ევროპელი ბავშვების ფილმების ასოციაციის“ (European Children's Film Association) მმართველი საბჭოს წევრმა და რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრმა ანა სავჩუკმა აღნიშნა, პროექტის ავტორებს სურდათ, აღენიშნათ თბილისისა სანქტ-პეტერბურგის დამეგობრობის 20 წლისთავი და ფართო საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მდიდარია ისტორია და როგორი ძლიერია კავშირი თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის.

„ვინაიდან ჩვენი პროექტი კინემატოგრაფიულია და წარმოვადგენთ რუსეთის საბავშვო კინოაკადემია „კინოკუნძულს“, ბუნებრივია, ჩვენი დიპლომატიის მთავარი ინსტრუმენტი კინოხელოვნებაა. ეს, რასაკვირველია, იქნება დოკუმენტური ფილმი, რადგან მხატვრული ფილმისთვის ჯერ მასალა არ გვაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგმულია“, - აღნიშნა სავჩუკმა.

ბავშვის თვალით დანახული: საქართველოში თბილისისა და პეტერბურგის შესახებ ფილმი გადაიღეს

ფილმის პრემიერა დაგეგმილია რუსეთის ბავშვთა კინოფესტივალ „კინოკუნძულის“ ფარგლებში, რომელიც 31 მაისს, ბავშვთა დაცვის წინა დღეს გაიმართება. ფესტივალის თემა წელს იქნება „მსოფლიო საზღვრებს გარეშე“. ქართულ-რუსულ ფილმს აჩვენებენ საერთაშორისო პროგრამაში სახელწოდებით „სინემა ლენდი“ (Cinema Land). სურათს ნახავენ როგორც ბავშვები, ისე უფროსები.

„სინამდვილეში ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა თბილისი, არა როგორც ქალაქი ტურისტული ნახატიდან. რა თქმა უნდა, „ქართლის დედასთანაც“ ვიყავით, გავიარეთ „მშვიდობის“ ხიდზე - ამ ნაწილს ჩვენს ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. გადავიღეთ არქიტექტურული ძეგლები, ტაძრები, ვეწვიეთ არაერთ სასულიერო ობიექტს. ჩავწერეთ ინტერვიუ ბავშვებთან, გვაინტერესებდა მათი შთაბეჭდილებები. სწორედ ამას ეფუძნება ფილმი“, - აღნიშნა ანა სავჩუკმა.

პროექტ „კინოკუნძულის“ ფარგლებში ანასტასია კასიმოვი საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება. როგორც ამბობს, აქ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩამოდის და სულ ახალ და ახალ შთაბეჭდილებებს პოულობს.

„აღფრთოვანებული ვარ საქართველოს ბუნებით, არქიტექტურითა და კულტურით, განსაკუთრებით, თბილისში. თბილისი მამშვიდებს, რადგან ძალიან ჰგავს სანქტ-პეტერბურგს. სიამოვნებით მოვიწვევდი ქართველ მეგობრებს ჩემს მშობლიურ ქალაქში. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ეს საკმაოდ პრობლემურია გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო“, - აღნიშნა ანასტასიამ.

ბავშვის თვალით დანახული: საქართველოში თბილისისა და პეტერბურგის შესახებ ფილმი გადაიღეს

თუმცა, გოგონას სიტყვებით, პროექტის ფარგლებში ბავშვები ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს.

„ჩვენ მშვიდობიან ვიზიტებს ვმართავთ, ვიღებთ ფილმებს მეგობრობასა და ქართველ და რუს ხალხს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე. იმედი მაქვს, ეს ჩვენს ურთიერთობებს წაადგება. კარგი იქნება, თუ რამდენიმე წელიწადში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა იმავე დონეს მიაღწევს, როგორსაც 1999 წელს, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას თბილისისა და სანქტ-პეტერბურგის დაძმობილების შესახებ. ეს ადამიანებისთვის მართლაც მნიშვნელოვანია“, - ფიქრობს ანასტასია.

ბავშვის თვალით დანახული: საქართველოში თბილისისა და პეტერბურგის შესახებ ფილმი გადაიღეს

როგორც საქართველოს მხრიდან პროექტის მონაწილე ნიკოლოზ ბუჯიაშვილმა აღნიშნა, პროექტი „კინოკუნძული“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებაში.

„ის კავშირები და კომუნიკაციები, რომლებსაც ბავშვებს შორის ვქმნით - არის ფუნდამენტი მომავალი პოლიტიკისა, რომელიც საქართველოს რუსეთის მიმართ და რუსეთს საქართველოს მიმართ უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, ამ პროექტით ჩვენ, ბავშვებს, ძალიან დიდი წვლილი შეგვაქვს ამ კავშირების გაღრმავებაში. სიამოვნებით გავემგზავრებოდი რუსეთში, როგორც ქართული მხარის წარმომადგენელი, რათა მეტი გამეგო რუსული მხარის შესახებ, გამეცნო რუსეთში მცხოვრები ბავშვები, მეტი გაგვეგო ერთმანეთსა და ჩვენს ქვეყნებზე“, - აღნიშნა ნიკოლოზმა.

ბავშვის თვალით დანახული: საქართველოში თბილისისა და პეტერბურგის შესახებ ფილმი გადაიღეს

პრესკონფერენციას ქალაქ კოლპინოს მუნიციპალური საბჭოს დეპუტატი ნადეჟდა კოკორინაც ესწრებოდა. იგი საქართველოში პირველად იმყოფება.

„ამ ქვეყანას, ამ ქალაქს მდიდარი კულტურული ტრადიციები გააჩნია. როდესაც სანქტ-პეტერბურგში ჩავალ, სიამოვნებით მოვუყვები კოლეგებს, სად ვიყავი და როგორი ურთიერთობები ყალიბდება ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის. სანქტ-პეტერბურგის შემადგენლობაში ისეთი ქალაქებიც შედიან, როგორებიცაა კოლპინო, ლომონოსოვი, სესტრორეცკი. პროექტ „კინოკუნძულში“ არიან ბავშვები ამ ქალაქებიდანაც. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ახლო ურთიერთობას დავამყარებთ საქართველოს სხვა ქალაქებთანაც. ვფიქრობ, რომ ბავშვები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ, თქვენი ქვეყნის შესახებ უამრავ შთაბეჭდილებას წაიღებენ. რადგანაც, აქ ნადვილად ძალიან მეგობრული, სასიამოვნო ხალხი ცხოვრობს, რომელსაც მშვიდობა უნდა. თბილისში ხომ უმშვენიერესი „მშვიდობის“ ხიდია“, - დაასკვნა კოკორინამ.

ბავშვის თვალით დანახული: საქართველოში თბილისისა და პეტერბურგის შესახებ ფილმი გადაიღეს

როგორც პროექტის ავტორებმა აღნიშნეს, თბილისში ბავშვებმა გადაიღეს ფილმის პირველი, ქართული ნაწილი. მეორე ნაწილს სანქტ-პეტერბურგში ახლო მომავალში გადაიღებენ. კინოფილმის საბოლოო ვერსია რუსულ ენაზე იქნება გახმოვანებული, ინგლისური და ქართული სუბტიტრებით, რათა მისი ნახვა და გაგება სხვადასხვა ქვეყნის აუდიტორიამ შეძლოს.

ფილმის სამუშაო სახელი - „ძმაკაცი“ - სიმბოლურად შეირჩა. თუმცა აზრი უფრო ღრმაა: ეს რთული სიტყვა ორი ნაწილისგან შედგება - ძმა და კაცი, რაც პროექტის მთავარ კონცეფციას ასახავს და საქართველოსა და რუსეთის ხალხთა დაკავშირებასა და დამეგობრებას ისახავს მიზნად.