თბილისი, 31 მარტი - Sputnik. მიმდინარე წლის ზაფხულამდე ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმწმენდა და შეკეთება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, შესაძლოა, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალოს >>
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვლება. ქიმწმენდა ავტომობილებს რეგულარულად უტარდებათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდგომაზე და გაზაფხულზე. მათი მოვლა-შენახვისთვის ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება, აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ სამუშაო დღის დაწყებამდე ხდება ავტოფარეხში მიკროავტობუსის ზედაპირული დათვალიერება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას შეკეთებამდე ეკრძალება ხაზზე სამუშაოდ გასვლა.
კომპანიის ძალისხმევის მიუხედავად, ყვითელი მიკროავტობუსების მგზავრები ტრანსპორტის ამ სახეობის მომსახურებით ხშირად უკმაყოფილონი არიან.
ამასთან ერთად, თბილისის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვა იგეგმება.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მიკროავტობუსების კომპანიასთან კონტრაქტი გადაიხედება. მისი თქმით, ცვლილებები ახლო მომავალში განხორციელდება და ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მეორეხარისხოვანი ქუჩებისა და ცენტრალური გამზირების სატრანსპორტო ხაზის დამაკავშირებელ საშუალებად იქცევა. მიკროავტობუსები გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან – მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება.
მერის მოადგილის განცხადებით, მიკროავტობუსები ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდა საუბნო არეალებში გადავლენ. ცენტრალურ ქუჩებს კი მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს. როგორც ხმალაძემ განმარტა, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება, ქალაქის „საცობებისგან" განტვირთვა და თბილისის ეკოლოგიაზე ზრუნვა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ერთ-ერთი პრიორიტეტული წინასაარჩევნო დაპირება იყო.
დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.