დევნილები „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შეიჭრნენ - ვითარება რთულდება

დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ისანში მდებარე „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში დევნილები შენობაში შეიჭრნენ და გამოსვლას არ აპირებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საცხოვრებლ კორპუსთან გუშინ ღამით დევნილთა ორი ჯგუფი გამოჩნდა. მათ ერთ-ერთი სადარბაზო დაიკავეს და განაცხადეს, რომ დევნილთა სამინისტრო მათ ბინების გადაცემას სწორედ ამ კორპუსში დაჰპირდა, თუმცა ახლა აღარ უშვებენ.

რაც შეეხება დევნილთა მეორე ჯგუფს, რომელმაც ერთი კორპუსი უკვე დაიკავა, ისინი კვლავ შენობაში არიან და მის დატოვებას არ აპირებენ. მათ სადარბაზოების კარს ჩამკეტი მოხსნეს და შიგნით გამაგრდნენ.

დევნილთა სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა

დევნილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ისინი ერთმანეთს პროვოკატორებს უწოდებდნენ. მათ კორპუსის ოთხი სადარბაზო და დაახლოებით 200-მდე ბინა დაიკავეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დევნილებისთვის ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გაგრძელდება, თუმცა კონკრეტულად თუ ვის გადაეცემოდა ბინა, ასეთი პირობა არ მიუციათ და ბინებს მათ გადასცემენ, ვინც ქულების მიხედვით პრიორიტეტულია.

ადგილზე შეუძლოდ გახდა ორი ქალი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შეჭრის შემდეგ ადგილზე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი კაციტაძე მივიდა და განაცხადა, რომ კერძო საკუთრებას კანონის ფარგლებში დაიცავენ. კაციტაძის განმარტებით, ბინები, რომლებიც დევნილებმა დაიკავეს, სხვა მენაშენეებისაა და არ აქვს ინფორმაცია, რომ დევნილთა სამინისტრომ რომელიმე კორპუსი დევნილებისთვის იყიდა.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.