მსოფლიო დღეს

ეგზიტპოლების შედეგები უკრაინაში: მეორე ტურში ზელენსკი და პოროშენკო გავიდნენ

პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ზელენსკი და პოროშენკო გავიდნენ, იუწყება РИА Новости ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით.

კვირას უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე პრეტენზიას 39 კანდიდატი აცხადებდა, რაც რეკორდია უკრაინისთვის.

112 Украина-ს ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 18:00 საათის მდგომარეობით, შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი არჩევნებზე იღებს ხმების 30,7%-ს, მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - 18,6%-ს, ხოლო პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო - 13,9%-ს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ეროვნული exit poll-2019-ის მონაცემებით, ზელენსკიმ და პოროშენკომ შესაბამისად 30,4% და 17,8% დააგროვეს. ტიმოშენკოს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 14,2%-მა.

ეგზიტპოლის მონაცემებით, რომელიც ტელეარხ „1+1“-ის დაკვეთით ჩატარდა, ზელენსკი და პოროშენკო ხმების 30,1% და 18,5%-ით მეორე ტურში გადიან. ტიმოშენკომ 14% დააგროვა.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ხმების ნახევარზე მეტს ვერ დააგროვებს, დაინიშნება მეორე ტური, რომელიც, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება.

რაც შეეხება დარღვევებს, უკრაინის პოლიციამ 1700-ზე მეტი შეტყობინება მიიღო, აღძრულია 25 სისხლის სამართლის საქმე.

ამ არჩევნებს პირველად არ ესწრებიან დამკვირვებლები რუსეთიდან. მოსკოვი მიიჩნევს, რომ კიევის მხრიდან რუსი დამკვირვებლების არდაშვება კითხვის ქვეშ აყენებს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას და კენჭისყრის შედეგების აღიარების შესაძლებლობას. გარდა ამისა, რუსეთში საარჩევნო უბნების დახურვისა და ასევე კიევის მიერ არაკონტროლირებად დონბასის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმის გამო, უკრაინის 7-10 მილიონმა მოქალაქემ ხმის მიცემა ვერ შეძლო.