სოფლის წისქვილებში სამკითხველოების მოწყობა დაიწყო

სამკითხველოები რეგიონის სამ სოფელში გაიხსნა
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. გურიაში სოფლის წისქვილებში მინისამკითხველოების მოწყობა დაიწყო - იდეის ინიციატორი და პროექტის შემსრულებელია ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, ტელეწამყვანი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

„გურიაში წყლის წისქვილი ისევ არის ჩამოჯდომის, ლოდინის, ფიქრის და საუბრების ადგილი. ახლა ამ ამბავს წიგნების და ჟურნალების სამკითხველოც დაემატა - იქვე კითხვაც შეგიძლია და თან წაღებაც“ დაწერა კეკელიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

კეკელიძის თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი სამკითხველოები სამ სოფელში: ლიხაურის, დვაბზუს და სილაურის წისქვილებში მოეწყო. სამკითხველოების პრეზენტაციები გურული პურ-მარილის თანხლებით გაიმართა.

პროექტი მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ხორციელდება.

„ეკვილიბრიუმი" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სასარგებლო და აქტუალური პროექტია. ამ პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლის სკოლებს წიგნებითა და კომპიუტერებით ამარაგებენ. გარდა ამისა, თუ რომელიმე სოფელში არ არის ბიბლიოთეკა, მას აშენებენ ან აახლებენ. და ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ კეთდება.

„ეკვილიბრიუმი“ 2012 წლიდან მოქმედებს, ამ პერიოდში საქართველოს რეგიონებში ასობით სკოლას ახალი წიგნები და კომპიუტერები გადაეცა. „ეკვილიბრიუმის“ შედეგად აღჭურვილი ბიბლიოთეკების რუკა იხილეთ აქ.