რუსთავი–თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

კომპანია „ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ მძღოლებისთვის გეგმიური გადასახადი არ გაზრდილა, უბრალოდ, ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.
Sputnik

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსი ივლის>>>

მიკროავტობუსების მძღოლების განცხადებით, გადამზიდავმა კომპანია „ინტერტრანსმა", რომელიც რუსთავი–თბილისის სამარშრუტო ხაზის მფლობელია, ყოველდღიური გეგმიური გადასახადი 10 ლარით გააძვირა. შესაბამისად, 60 ლარის ნაცვლად მათ 70 ლარის გადახდა მოუწევთ.

„ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ 10 ლარის დამატებას. თუ ფულს არ გადავიხდით, გვეუბნებიან, მანქანები გავაჩეროთ", – განაცხადა მძღოლმა დავით გოხაძემ.

კომპანია „ინტერტრანსში" კი აცხადებენ, რომ მძღოლებისთვის გეგმიური გადასახადი არ გაზრდილა და უბრალოდ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

„არა გაზრდილ ტარიფს“ – რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირება გააპროტესტეს

„ზამთრის პერიოდში მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო მძღოლები ნაკლებ გადასახადს იხდიდნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრაზე მათ დააყენეს საკითხი, რომ თუ მგზავრობის საფასურს არ გავზრდიდით, ისინი გეგმიურ გადასახადს არ გადაიხდიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ულტიმატუმის ენით გვესაუბრებიან", – განაცხადა კომპანია „ინტერტრანსის" წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ.

2018 წლის მიწურულს რუსთავის სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა 1,5 ლარიდან 2 ლარამდე გაიზარდა, რამაც რუსთავის მცხოვრებთა აღშფოთება გამოიწვია. შედეგად, რუსთავის მერიამ გააუქმა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ამან ქალაქის ხელისუფლებასა და სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებს შორის კონფლიქტი გამოიწვია. მიკროავტობუსებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ რუსთავის მერიამ რუსთავი-თბილისის მიმართულებთ ავტობუსები დანიშნა.

შპს „ინტერტრანსმა" რუსთავი–თბილისის მიმართულებით 11-ვე მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსში 2014 წელს გაიმარჯვა.

ჯერჯერობით ამ ორ ქალაქს მხოლოდ სამარშრუტო მიკროავტობუსები აკავშირებს, თუმცა სამომავლოდ თბილისის მერიის გეგმებში რუსთავამდე მეტროს ახალი სადგურების აშენებაც შედის.