თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, შესაძლოა, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალოს

მიკროავტობუსები ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდა საუბნო არეალებში გადავა.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თბილისის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვა იგეგმება, იუწყება ტელეკომპანია Imedi თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

ხმალაძის განცხადებით, თბილისის მიკროავტობუსების კომპანიასთან კონტრაქტი გადაიხედება. მისი თქმით, ცვლილებები ახლო მომავალში განხორციელდება და ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მეორეხარისხოვანი ქუჩებისა და ცენტრალური გამზირების სატრანსპორტო ხაზის დამაკავშირებელ საშუალებად იქცევა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს პროცესი მნიშვნელოვან ფაზაშია და უახლოეს პერიოდში მოწოდებული იქნება ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასთან დაკავშირებით… მიკროავტობუსები გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან – მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება", – აღნიშნა ხმალაძემ.

მიკროავტობუსებისთვის შეზღუდვები თბილისის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება

მერის მოადგილის განცხადებით, მიკროავტობუსები ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდა საუბნო არეალებში გადავლენ. ცენტრალურ ქუჩებს კი მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს. როგორც ხმალაძემ განმარტა, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება, ქალაქის „საცობებისგან" განტვირთვა და თბილისის ეკოლოგიაზე ზრუნვა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ერთ-ერთი პრიორიტეტული წინასაარჩევნო დაპირება იყო.

დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.