„ტაქსების რევოლუცია“ - ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას ემუქრებიან

თბილისში ტაქსის მძღოლებმა ახალი წესები გააპროტესტეს და რამდენიმე აქცია გამართეს. პროტესტს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია
Sputnik

„არ გვინდა მანქანების თეთრად გადაღებვა!“; „არა - ტაქსის რეფორმას!“; „არა - მონოპოლიას!“ - ამ ლოზუნგებით გამართა საპროტესტო აქცია ტაქსის მძღოლების ჯგუფმა თბილისში. პროტესტი ქალაქის მერის, კახა კალაძის რეფორმას მოჰყვა.

„ტაქსების რევოლუცია“ - ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას ემუქრებიან

რეფორმა 2018 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ააღებინეს სპეციალური ლიცენზია თბილისში სამუშაოდ. ამჯერად მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლების ლიცენზიის ორ - A და B - კატეგორიად დაყოფა იგეგმება.

А კატეგორიის ლიცენზია გამიზნულია მათთვის, ვისთვისაც ტაქსის მძღოლად მუშაობა - შემოსავლის მთავარი წყაროა. ასე რომ, თუ ტაქსის მძღოლს სურს როგორც ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობა და გამოძახებით მუშაობა, ისე ქუჩაში მგზავრების ჩასმა, მას მოუწევს თეთრი მანქანის შეძენა ან თავისი მანქანის თეთრად გადაღებვა. ისინი კი, ვინც B კატეგორიის ლიცენზიას აიღებენ, მხოლოდ გამოძახებით და ნებისმიერი ფერის მანქანით მუშაობას შეძლებენ.

„თუ მანქანამ ტექდათვალიერება გაიარა და გამართულად მუშაობს, გაუგებარია, რატომ უნდა შეიღებოს თეთრად? ისედაც გვაიძულეს, ლიცენზია აგვეღო. არაფერი არ შეუმოწმებიათ. ჩვენ უბრალოდ ფული გადავიხადეთ. ეს იყო და ეს“, - განაცხადა აქციაზე ერთ-ერთმა მძღოლმა როსტომ მემარნიშვილმა.

„ტაქსების რევოლუცია“ - ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას ემუქრებიან

მომიტინგეებმა რეგულაციების 2025 წლამდე გადადება მოითხოვეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი აქციიდან.

„ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. კატეგორიულად ვითხოვთ, ტაქსის მძღოლებს თავი დაანებონ და შეწყვიტონ ბაზრიდან მათი გაყრის მცდელობა. კალაძემ და ივანიშვილმა შეწყვიტონ ტაქსის სფეროში მონოპოლიის შექმნაზე ოცნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტაქსის მონოპოლიის ნაცვლად მიიღებენ „ტაქსის რევოლუციას“, - აღნიშნა უფლებადამცველმა, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

„ტაქსების რევოლუცია“ - ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას ემუქრებიან

თავდაპირველად უკმაყოფილო ტაქსის მძღოლები ვაგზლის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ თავიანთი მანქანების კოლონით, სიგნალებით პარლამენტისკენ დაიძრნენ.

ამასობაში ანალოგიური მოთხოვნებით ტაქსის მძღოლების მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდა. ათიოდე მძღოლმა გზის გადაკეტვა სცადა, მაგრამ პოლიციამ მათ ხელი შეუშალა. აქცია დასრულდა, როდესაც ერთ-ერთი მანქანა ევაკუატორით გადაიყვანეს.

პარლამენტთან აქცია უფრო დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ინციდენტის გარეშე არც მას ჩაუვლია.

„ტაქსების რევოლუცია“ - ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას ემუქრებიან

ტაქსისტებს, რომლებმაც პარლამენტთან ვაგზლის მოედნიდან გადმოინაცვლეს, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეხვდა. შეკრებილებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა. მეტიც, ერთი მოქალაქე დააკავეს კიდეც.

აქციის ორგანიზატორები ამტკიცებდნენ, რომ მათ გზის გადაკეტვის უფლება ჰქონდათ, ვინაიდან შესაბამისი უწყებები დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმირებული იყვნენ. მათ პოლიცია მომიტინგეების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს.

„ტაქსების რევოლუცია“ - ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას ემუქრებიან

„ჩვენ 3-დან 4 საათამდე დემონსტრაციის ჩატარების უფლება გვქონდა. თქვენ დაარღვიეთ კონსტიტუცია, შეზღუდეთ მშვიდობიანი აქციის ჩატარების ფუნდამენტური უფლება“, - განუცხადა ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ შსს-ს წარმომადგენელს.

„ჩვენ მოქალაქეებს რამდენჯერმე მოვუწოდეთ, არ გადაეკეტათ საავტომობილო გზა. არ არსებობს საავტომობილო გზის გადაკეტვის არანაირი აუცილებლობა... ჩვენ აქ ვდგავართ და ვიცავთ წესრიგს, არაფერი დაგვირღვევია. მართლწესრიგის დაცვას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

„ტაქსების რევოლუცია“ - ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას ემუქრებიან

ამ აჟიოტაჟის ფონზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. შუახნის მამაკაცმა გონება დაკარგა. ადგილზე გამოიძახეს „სასწრაფო დახმარების ბრიგადა“, რომელმაც მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.

14:00 საათზე დაწყებული საპროტესტო აქცია დაახლოებით სამ საათში დასრულდა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქის მერია არ დათმობს, ტაქსის მძღოლები იმუქრებიან, რომ საპროტესტო აქციას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობის“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართავენ.