თბილისში ჟვანეცკი, ჯგუფი „ბრავო“ და ნინო ქათამაძე წარდგებიან

თბილისში ფესტივალზე შეიკრიბებიან ადამიანები, რომლებიც 50 წლის შემდეგ უფრო საინტერესოდ და მხიარულად ცხოვრობენ, ვიდრე ახალგაზრდობაში
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თბილისში 19-26 აპრილს ფესტივალზე „ბედნიერების ასაკი“ წარდგებიან ცნობილი რუსი მწერალი-სატირიკოსი მიხაილ ჟვანეცკი, მწერალი და რადიოწამყვანი ალექს დუბასი, ევგენი ხავტანი და ჯგუფი „ბრავო“, ასევე პოპულარული მომღერალი ნინო ქათამაძე.

„ბედნიერების ასაკი“ — ვლადიმირ და იულია იაკოვლევის საერთაშორისო პროექტია იმ ადამიანებზე, რომლებიც 50 წლის ასაკის შემდეგ უფრო საინტერესოდ და მხიარულად ცხოვრობენ, ვიდრე ახალგაზრდობაში. მათ არ ეშინიათ ხელახლა იპოვონ საკუთარი თავი და ოცნებები რეალობად აქციონ. სწორედ 50 წლის შემდეგ მათ ნანატრ „ბედნიერების ასაკს“ მიაღწიეს.

პროექტი „ბედნიერების ასაკი“ დაიწყო 2012 წლის ნოემბერში, როდესაც ვლადიმირ იაკოვლევის ამავე დასახელების წიგნი გამოვიდა. პირველი ფესტივალი „ბედნიერების ასაკი“ 2015 წლის შემოდგომაზე მონტენეგროში გაიმართა.

თბილისში ბორის გრებენშჩიკოვის და როკ-ჯგუფ „აკვარიუმის“ კონცერტი გაიმართება

ორგანიზატორების ინიციატივით, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ყოველდღიურად ჩატარდება სხვადასხვა შემოქმედებითი საღამოები, ცეკვა და მედიაციური აერობიკა, ასევე თემატური მასტერ-კლასები, ლექციები და სემინარები.

სემინარების თემატიკა საკმაოდ ვრცელია. ფესტივალის მონაწილეებს ასწავლიან, როგორ უნდა მოიცილონ კომპლექსები და წარსულის ტვირთი, ეფექტურად განიტვირთონ და დაძაბულობა მოიხსნან. ისინი ასევე შეიტყობენ, ღირს თუ არა მავნე ჩვევების დავიწყება, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ კარგად, როგორ არ დაკარგონ თავი შვილებსა და მშობლებზე ზრუნვაში, როგორ უნდა აკონტროლონ განწყობა და ებრძოლონ დეპრესიებს, იცხოვრონ აწმყოთი და მომავლის არ შეეშინდეთ.

ფესტივალზე შეისწავლიან „პლეიბეკ-თეატრის“ გამოცდილებას. ეს არის იმპროვიზაციის თეატრი, სადაც მაყურებელი იხსენებს ისტორიებს, მსახიობები კი ამ ისტორიებს სპექტაკლებად აქცევენ. ამაში ფესტივალის მონაწილეებს რევერსიის თეატრ „მეტამორფოზის“ მსახიობები დაეხმარებიან.

გარდა ამისა, „ბედნიერების ასაკის“ პროგრამაშია შემოქმედებითი შეხვედრები პოეტსა და მწერალ ლევ რუბინშტეინთან და ისტორიკოს და პუბლიცისტ ლევ ლურიესთან.

ფესტივალის მუსიკალურ ნაწილში, გამოცხადებული ვარსკვლავების გარდა, მოსალოდნელია ჯგუფ „მგზავრების“ გამოსვლა.

ფესტივალი სასტუმრო „რუმსის“ ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია. ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.