ქობულეთი–ბათუმის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდა

გვირაბში ორი დღის განმავლობაში პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველო–თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე არსებულ გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა ორი დღით იზღუდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

რატომ იკეტება ქობულეთი–ბათუმის გვირაბი

ჩაქვი–მახინჯაურის საავტომობილო გვირაბი პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების გამო იკეტება.

„ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის პორტალების გარეცხვა-დასუფთავების გამო 25 მარტის 22:00 სთ-დან 27 მარტის 12:00 სთ-მდე გვირაბის ჯერ ქობულეთი–ბათუმის, ხოლო შემდეგ ბათუმი–ქობულეთის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", – აღნიშნულია განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის ნაკადი ერთ შემთხვევაში გვირაბის ბათუმი–ქობულეთის მიმართულებაზე გადაერთვება, ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში – ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.