გურიაში ავარიას პატრულის თანამშრომელი ემსხვერპლა

პოლიციის თანამშრომელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მომავალ მეორე სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი სატვირთო ინერციით მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მერაბ ჯიბუტი მართავდა. პოლიციელი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. 

ავარია თბილისში: „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი დაეჯახა

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა ყველანაირი დახმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას ქალა-ფუძის მოტეხილობა, ტვინის ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებოდა", – განაცხადა ჩოხატაურის კლინიკის „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ დირექტორმა თემურ კოროშინაძემ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.