ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი სამგზავრო მატარებელი გაივლის

სატესტო სამგზავრო შემადგენლობა შეამოწმებს მოძრაობას რკინიგზის ახალ მონაკვეთებზე, ასევე ლიანდაგის ერთი სტანდარტიდან მეორეზე გადასვლას
Sputnik

თბილისი, 26 მარტი - Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთზე სატესტო რეჟიმში პირველი სამგზავრო მატარებელი გაივლის, იუწყება პირველი არხი.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. სატვირთო გადაზიდვების გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრების გადაყვანა დაიწყება

ტელეარხის მონაცემებით, Stadler-ის შემადგენლობა ამჟამად ახალქალაქში იმყოფება და როგორც საბჭოური სტანდარტის ლიანდაგზე, ისე ევროპული სტანდარტის ლიანდაგზე გაივლის.

„აზერბაიჯანის რკინიგზა“ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სამგზავრო გადაზიდვების დაწყებას 2019 წლის მესამე კვარტალში გეგმავს.

ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის სიგრძე 846 კილომეტრს შეადგენს. ბაქო-თბილისი-ყარსის წლიური სავარაუდო გამტარუნარიანობაა — მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონამდე შეიძლება გაიზარდოს.

თბილისი, ბაქო და ანკარა თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან >>

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის საშუალებით ტვირთებსა და მგზავრებს ექნება შესაძლებლობა დაუბრკოლებლად იმოძრაონ აზიიდან ევროპაში და საპირისპირო მიმართულებით. ეს კი რეგიონის ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.