საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები უკანონოდ შემოჰქონდათ

დანაშაული ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
Sputnik

თბილისი, 26 მარტი - Sputnik. საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“ და „ბათუმის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე ირანის ისლამური რესპუბლიკის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების  კუთვნილი ხელჩანთებისა და ფიზიკური დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (23 აბი) და ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინი (0.17 გრამი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლების პირველი  ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.