თბილისი, 25 მარტი — Sputnik. რუსმა რეჟისორმა, მსახიობმა და სცენარისტმა რენატა ლიტვინოვამ მსოფლიოში ცნობილ ქართველ დიზაინერს დემნა გვასალიას დაბადების დღე მიულოცა.
დღეს მსოფლიო მოდის რევოლუციონერი 38 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით ლიტვინოვამ საკუთარ Instagram-ზე დიზაინერთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
„ჩემო ძვირფასო, საყვარელო დემნა – დაბადების დღეს გილოცავ!" – დაუწერა ლიტვინოვამ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დიზაინერს.
რენატა ლიტვინოვა და დემნა გვასალია დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ და მხარს უჭერენ შემოქმედებით სფეროშიც: ლიტვინოვა რეგულარულად სტუმრობს დიზაინერის ახალი კოლექციის ჩვენებებს, გვასალია კი კოსტიუმების დიზაინერია ახალ ფილმში "ჩრდილოეთის ქარი", რომელიც ჯერ ეკრანზე არ გამოსულა.
დემნა გვასალიას პოპულარობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. მისი თითოეული კოლექცია სეზონის ჰიტი ხდება. Vetements-ი დემნასა და მისი ძმის გურამ გვასალიას ბრენდია, რაც ფრანგულად „ტანსაცმელს" ნიშნავს. დემნა გვასალიას მოდელები უკვე მოირგეს ცნობილმა სახეებმა რიანამ, სელინ დიონმა, კანიე უესტმა, კიმ კარდაშიანმა და სხვებმა.
„ან ყველაფერი, ან არაფერი!" – რატომ დატოვა გვასალიამ Louis Vuitton>>>
დემნა გვასალია მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი 2015 წელს გახდა.
დემნა გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) პრემია „მოდის ოსკარით" დააჯილდოვა, გურამ გვასალიამ კი მოდის სამყაროში Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის ჯილდო მიიღო როგორც საუკეთესო „საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერმა".